ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრები ამიერიდან კვლავინდებურად სოფელ ერგნეთში გაიმართება. ინფორმაცია ამის შესახებ სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში საქართველოს შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენის უფროსმა და მოლაპარაკებებზე ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა დაადასტურა.
"არავითარი ხელისშემშლელი მიზეზები არ არსებობდა, მოლაპარაკებები ერგნეთში გაგრძელდება", _ განაცხადა უტიაშვილმა სააგენტოსთან საუბარში.
ამავე დროს, მოლაპარაკებებზე ოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა მერაბ ჩიგოევმა დღევანდელი შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ "ერგნეთში შეხვედრების ჩატარების ხელისშემშლელი მიზეზები აღმოიფხვრა და ამიტომაც შეხვედრები ამიერიდან ერგნეთში ჩატარდება".
შეგახსნებთ, რომ მას შემდეგ, რაც ქართულმა მხარემ ერგნეთი ნატოს ზონად გამოაცხადა და ერგნეთის სკოლაში ნატოს კუთხე გახსნა, სეპარატისტებმა შეხვედრის ერგნეთში ჩატარებაზე უარი განაცხადეს და შეხვედრების ადგილი სოფელ დვანში გადაიტანეს.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა ერგნეთში 20 მარტს გაიმართება.