გასული წლის საპროტესტო აქციაზე პოლიციის მანქანის დაზიანებისთვის მსჯავრდებული დენის კულანინი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა შეიწყალა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტშია მოთავსებული. ინფორმაციას "ტვ პირველი" ავრცელებს.
როგორც ადვოკატმა "ტვ პირველს" განუცხადა, თუ საქართველოს მხრიდან აქტივისტის რუსეთში ექსტრადაცია მოხდება, ამ შემთხვევაში მას შესაძლოა საფრთხე დაემუქროს, რადგან ის ომში უკრაინის მხარდამჭერია.
"შსს-ს ჩემთვის არაფერი არ უთქვამს. დღეს გავიგე მეც რომ შეწყალებულთა შორის არის დენის კულანინი. ვრეკავთ მთელი დღეა, როგორც მიგრაციის დეპარტამენტში ასევე პენიტენცირუში, მაგრამ არავინ გვპასუხობს. სიმართლე გითხრათ, მიგრაციის დეპარტამენტშია თუ სად არის, მე არ მაქვს ინფორმაცია. რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს რუსეთში - თქვენთვის კარგად ცნობილია, რომ ნებისმიერი პოსტი იქნება თუ განცხადება, რომელიც იქნება რუსეთის მხილება ომში ან უკრაინის მხარდაჭერა, როგორ ისჯება რუსეთში. დენისმა ციხიდან არაერთი წერილი გამოაგზავნა, სადაც აქტიურად უჭერს უკრაინას მხარს და გმობს რუსეთის ქმედებებს. შესაბამისად, თუ მისი ექსტრადაცია მოხდება რუსეთში, მას სერიოზული საფრთხე შეიძლება დაემუქროს", - ამბობს ადვოკატი.
დენის კულანინი წარმოშობით რუსი აქტივისტია, რომელიც საქართველოში ცხოვრობდა. ის 2025 წლის 28 მარტს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
აღნიშნული ბრალის მიხედვით, მან პოლიციის კუთვნილი ავტომანქანა დააზიანა.
დენის კულანინს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.