უკრაინელმა სამხედროებმა 28 აგვისტოს რუსეთის სტრატეგიული რაკეტმზიდი ბომბდამშენი Ту-95МС დააზიანეს. ის რუსეთის ქალაქ ენგელსის სამხედრო აეროდრომზე იყო განთავსებული. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ამასთან, ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა იაროსლავლის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზეც მიიტანეს იერიში.
„ამ დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალების მებრძოლებმა იაროსლავლის ოლქში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დააზიანეს. მანძილი ფრონტის ხაზიდან - 1000 კილომეტრია. ასევე იყო ჩვენი სამართლიანი პასუხი რუსეთის მიერ შავი ზღვის აკვატორიაში განხორციელებულ თავდასხმებზე.
რუსეთის ქალაქ ენგელსში SBU-ის „ალფას“ მებრძოლებმა Ту-95МС ტიპის რაკეტმზიდი დააზიანეს. სწორედ ასეთი თვითმფრინავები ახორციელებენ უკრაინაზე დარტყმებს.
მადლობა ყველა ჩვენს მებრძოლს სიზუსტისთვის! ეს ყველაფერი მათი დარტყმების პასუხია. რუსებმა უნდა იგრძნონ, რას ნიშნავს მათი ომი,“ - განაცხადა ზელენსკიმ
Ту-95МС - საბჭოთა წარმოების სტრატეგიული ბომბდამშენია, რომელიც ამჟამად რუსეთის შეიარაღებაშია. უკრაინის სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, რუსული ძალები ამ ტიპის თვითმფრინავებს უკრაინაზე Х-101, Х-555 და Х-55 ტიპის ფრთოსანი რაკეტებით დარტყმებისთვის იყენებენ.
მანამდე OSINT-ანალიტიკოსები იტყობინებოდნენ, რომ 20 აგვისტოს ღამით, რუსეთის ასტრახანის ოლქის ჩრდილოეთ ნაწილში, ახტუბინსკის აეროდრომზე განხორციელებული დარტყმის შედეგად, Су-34 ტიპის ბომბდამშენი დაზიანდა.
ცნობისთვის, ენგელსის სამხედრო აეროდრომი რუსეთის სტრატეგიული ავიაციის ერთ-ერთი მთავარი ბაზაა, სადაც Ту-95МС და Ту-160 ტიპის ბომბდამშენებია განთავსებული