ივანიშვილის გარშემო შემოკრებილი კოალიციის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ქვეყანა კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის რევანშს მიიღებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით დარჩიაშვილმა ჟურნალისტებს ახალი კოალიციის პრეზენტაციის შეფასებისას განუცხადა.
მისი შეფასებით, ახალ კოალიციაში არიან ადამიანები წინააღმდეგობრივი წარსულითა და ურთიერთდამოკიდებულებებით, რომელთაც პოლიტიკის წარმართვის პოზიტიური გამოცდილება არ გააჩნიათ და ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, რევანშისტებად იქცევიან.
"თუკი ჰიპოტეტურად დავუშვებთ მათ ხელისუფლებაში მოსვლას, მივიღებთ არა ზოგადი ოცნებების ასრულებას, რაც ჩამოუწერიათ, არამედ მივიღებთ ძლივს დამარცხებული კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის რევანშს", - მიაჩნია დარჩიაშვილს.
ამასთან, უმრავლესობის წევრი არ გამორიცხავს, რომ ახალ გაერთიანებაში შეკრებილი ხალხის ნაწილს, შესაძლოა, არც სურვილი ჰქონდეს და არც უნარი, რომ საქართველოს გამოწვევებს შეებრძოლონ, როგორიც არის რუსულ აგრესია, კორუფცია და ორგანიზებულ დანაშული.
"ეს სამი ვეშაპი შთანთქავდა საქართველოს სულ, ამ ვეშაპების მოთოკვა მოხერხდა, მაგრამ მცირე დრო არის გასული იმისათვის, რომ ვისაუბროთ ამ ვეშაპების სიკვდილზე. ვეშაპები ისევ ისევე დააფჩენენ პირს, როგორც კი საქართველოს ხელისუფლებაში ასეთ კალეიდოსკოპს წარმომოვდგიენთ. კარგი ამბავი ის არის, რომ ეს კალეიდოსკოპი ხელისუფელაბში ვერ მოვა," - განაცხადა დარჩიაშვილმა.
ამასთან, დეპუტატი ივანიშვილის გუნდისგან სიურპრიზებს ნაკლებად ელის და დარწმუნებულია, რომ პოლიტიკური პროცესი ისე გაგრძელდება როგორც ახლა მიმდინარეობს, რადგან ივანიშვილის გუნდი მათთვის სუსტი კონკურენტია, რომელიც ქართულ პოლიტიკურ ამინდზე სერიოზულ გავლენას ვერ ახდენს.
„კონკურენცია მისასალმებელია და სასურველი იყო უფრო რაციონალური და მკაფიო და რეალიზებადი ალტერნატივებით გამორჩეული კონკურენტი გამოჩენილიყო", - აღნიშნა მან.