რუსეთის ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკება სამთვიანი პროტესტის შემდეგ პირველად გაიმართა. პირველი კომენტარები ოპოზიციის ლიდერებმა მოგვიანებით რადიოსადგურ "ეხო მოსკვის" ეთერში გააკეთეს. მათი თქმით, მედვედევი არ იყო მზად ოპოზიციის ისეთი მოთხოვნებზე გაეცა პასუხი, როგორიც არის საპარლამენტი არჩევნების ხელახლა ჩატარება და კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა საპრეზიდენტო კანდიდატურის მაქსიმუმ ორი ვადით წარდგენასთან დაკავშირებით. ოპოზიცია პრეზიდენტისაგან უფრო ზუსტ პასუხებს ითხოვს.
ვლადიმერ რიჟკოვი "პარნასი"-ს ერთ-ერთი ლიდერი, რუსეთის რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე: საკმაოდ ნერვიული დისკუსია იყო. მთავარი საკითხი პოლიტპატიმრების თემა გახლდათ. ჩვენ გადავეცით სია, მან თქვა, რომ გაუგებარია თუ რას ნიშნავს პოლიტიკური პატიმარი და ვინ არიან ისინი. ასევე გადავეცით ბოლო მიტინგის რეზოლუცია, თუმცა გაგებით ის ამ საკითხებს არ შეხვედრია. დუმის არალეგიტიმურობაზე ამბობს, რომ საკანონმდებლო ორგანო პირიქით, შემდგარი და ლეგიტიმურია. მედევდევის თქმით, ფალსიფიცირება არც მეტი და არც ნაკლები იყო გასულ არჩევნებთან შედარებით, რასაც ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით. ეს რუსეთის ისტორიაში ყველაზე ფალსიფიცირებული და ბინძური არჩევნები იყო. ერთადერთი რაზეც ის მზადაა რომ განიხილოს ბალოტნაიას რეზოლუციის მეხუთე პუნქტია პოლიტიკური რეფორმების შესახებ, ოღონდ იმ ვიწრო ჭრილში, როგორც ის მას ხედავს.
სერგეი უდალცოვი რუსეთის "მემარცხენე ფრონტის" ლიდერი: ჩატარებულ შეხვედრას ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ. არ მგონია, რომ წარმოუდგენელი რამ მოხდა. ვფიქრობ, რომ ეს უფრო იმისათვის გაკეთდა, რომ 4 მარტის აქციისათვის დაგვამშვიდონ და ყველას დაანახონ, რომ დიალოგი დაიწყო. მოლაპარაკება რა თქმა უნდა ცუდი არ არის, ეს ჯერ კიდევ დეკემბერში უნდა მომხდარიყო. მოვლენების განვითარება გვიჩვენებს, თუ რას ემსახურება ეს შეხვედრა. დიალოგის გაგრძელება მისასალმებელი იქნება, ჯერ ჯერობით კი ჩვენი და მედვედევის დღის წესრიგები ერთმანეთს არ ემთხვევა და ძალიან განსხვავდება.
ოპოზიციის წარმომადგნელები დიმიტრი მედვედევმა ქალაქგარე რეზიდენციაში მიიწვია. ამ შეხვედრაზე დასწრებას ისინი ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ დასთანხმდნენ. მათ პრეზიდენტს პოლიტპატიმრების სია და ბოლო მიტინგის რეზოლუცია გადასცეს. თუმცა როგორც შეხვედრიდან გამოსულმა ოპოზიციონერებმა აღნიშნეს, მათ წინადადებაზე პრეზიდენტს პასუხები არ გააჩნდა. შეხვედრის ერთადერთი შედეგი არის ის, რომ შეიქმნება პოლიტიკური რეფორმების კანონზე მომუშავე ჯგუფი, თუმცა ოპოზიცია ამ ფაქტსაც ეჭვის თვალით უყურებს.
შეხვედრისას ოპოზიციონერმა სერგეი უდალცოვმა პრეზიდენტს ოპოზიციონერი აქტივისტის ილია პონომარიოვის ფეხსაცმლის ლანჩი გადასცა, როგორც რამდენიმე დღის წინ ოპოზიციასა და კრემლის აქტივისტებს შორის მომხდარი დაპირისპირების დასტური.
დიმიტრი მედვედევი რუსეთის პრეზიდენტი: ჩვენი პოლიტიკური სისტემა იდეალურისგან შორსაა და დამსწრეთა უმეტესობა ხშირად აკრიტიკებს მას. ზოგჯერ ეს კრიტიკა ძალიან მწვავეა. ჩვენ უნდა მივაღწიოთ საერთო აზრს რათა ცვლილებები მოვახდინოთ. ჩემი აზრით ამის დრო უკვე დადგა. ბოლო წლების განმავლობაში, როგორც იცით მე აქტიურად ვმუშაობდი ჩვენი პოლიტიკური სისტემის რეფორმაზე. თქვენ არ ხართ სახელმწიფოს მიერ დარეგისტრირებულები. პარტიების დარეგისტრირების პროცედურისა და პოლიტიკური ცხოვრების ლიბარელიზაცია უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის ვიდრე იმ პარტიებისათვის,რომლებიც პოლიტიკურ ასპარეზზე უკვე დიდი ხანია მოღვაწეობენ.
ბორის ნემცოვი რუსეთის გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა "სოლიდარობის" ლიდერი "პარნასის" თანათავმჯდომარე: პრეზიდენტს გადავეცი ბალოტნაიასა და სახაროვის პროსპექტების მთავარი მოთხოვნები. პრაქტიკულად ეს არის ჩვენი პოლიტიკური რეფორმების პროგრამაც, ასე რომ ჩვენი მოთხოვნები მას პირადად ჩავაბარე.