საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პარლამენტში გამოსვლის შემდეგ დებატები გაიმართება. როგორც დღეს, ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, მას უკვე ჰქონდა პრეზიდენტთან კონსულტაცია და იგი მზად არის მომავალ სასესიო კვირას პარლამენტს ესტუმროს, თუმცა სააკაშვილის მოსვლის რიცხვი ჯერ კიდევ უცნობია.
"პრეზიდენტს რამდენიმე ოფიციალური შეხვედრა აქვს დაგეგმილი, ამიტომ პარლამენტში მისი მოსვლის ზუსტი რიცხვი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში 27 თებერვლის სასესიო კვირას მოვა", - აღნიშნა ბაქრაძემ.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პრეზიდენტის წლიური ანგარიშის მოსმენის შემდეგ სხდომა დებატების ფორმატში გაგრძელდება.
პარლამენტის რეგლამენტის 194-ე მუხლის თანახმად, პარლამენტი, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად ისმენს საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე.
პრეზიდენტის გამოსცვლის შემდეგ კი დებატები კი რეგლამენტის 138-ე მუხლითფრაქციას, უმრავლესობასა და უმცირესობას უფლება აქვთ მოითხოვონ პოლიტიკური დებატების დღის დანიშვნა. პოლიტიკური დებატების დღე, როგორც წესი, პლენარული სამუშაო ციკლის განმავლობაში ინიშნება ერთხელ. გადაწყვეტილება პოლიტიკური დებატების დღის დანიშვნის შესახებ მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედისა.
პოლიტიკურ დებატებში გამოსვლებისათვის უმრავლესობასა და უმცირესობას ეძლევა თითოეულს 45 წუთი, ფრაქციასა და პარლამენტის თავმჯდომარეს (სხდომის თავმჯდომარეს) - თითოეულს 15 წუთი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს - 10 წუთი, პარლამენტის წევრს, რომელიც არ არის გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში, - 5 წუთი. ფრაქცია, უმრავლესობა და უმცირესობა მათთვის გამოყოფილი დროის ფარგლებში განსაზღვრავენ გამომსვლელთა რაოდენობასა და მათზე დროის გადანაწილების სქემას. პოლიტიკურ დებატებში გამომსვლელთათვის გამოყოფილი დროის გაზრდა დაუშვებელია.
პოლიტიკური დებატების ბოლოს პარლამენტის თავმჯდომარეს უფლება აქვს ისარგებლოს ამ რეგლამენტით მისთვის გათვალისწინებული დროის ლიმიტით და განხილული საკითხი დააყენოს კენჭისყრაზე.