ყოფილი დეპუტატის ვალერი გელბახიანის საქმესთან დაკავშირებით სამართალდამცველები კანონის ფარგლებში იმოქმედებენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა განუცხადა და აქვე დასძინა, რომ გელბახიანის დაკავების შესახებ მან საინფორმაციო საშუალებებიდან შეიტყო.
„დარწმუნებული ვარ, რომ სამართალდამცველები ისევე კანონის ფარგლებში იმოქმედებენ, როგორც ეს სხვა შემთხვევებში ხდება", - აღნიშნა კუბლაშვილმა.
მისივე თქმით, ყველა საკითხი, რომელიც ეხება ყოფილი დეპუტატის დაკავებას, ბრალის წაყენებას, შუამდგომლობას და სხვას სამართლებრივ პროცედურებს, ეს სამართალდამცველების კომპეტენციაა და საზოგადოებას ყველა დამატებით ინფორმაციას მათგან შეიტყობს.
რაც შეეხება ვალერი გელბახიანის მიერ ავადმყოფი დედის მონახულების საკითხს, კუბლაშვილი განმარტავს, რომ მსგავს საკითხებზე გადაწყვეტილებებს სასამართლო იღებს.