დღეს, 20 თებერვალს, 18:00 საათზე ევგენი მიქელაძის სახელობის საშემსრულებლო ხელოვნების ეროვნულ ცენტრში, კლასიკური მუსიკის მეორე ეროვნული კონკურსი ლაურეატთა გალა-კონცერტით დაიხურება. კონკურსში მონაწილეობას თბილისის, ზუგდიდის, ქუთაისის, ბათუმის, წყალტუბოს, ჭიათურას, რუსთავის და თელავის სამუსიკო სასწავლებლის 107 მოსწავლე იღებდა.
დახურვას კონკურსის ჟიურის წევრებთან - ვალერიან შიუკაშვილი, მევიოლინე ირინა იაშვილი და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი, რეზო კიკნაძე ერთად, კულტურის მინისტრი ნიკოლოზ რურუა დაესწრება.
ლაურეატებისთვის რამდენიმე სპეციალური პრიზი დაწესდა. აქედან, კომპანია "თელასი" სამ ლაურეატს ერთჯერად სტიპენდიას გადასცემს. ხელოვნების აკადემია, ერთ-ერთ ლაურეატს ქალაქ ფრანკფურტში საგასტროლოდ გაუშვებს. კონკურსის რამდენიმე გამარჯვებული კი საქართველოს კულტურის სამინისტროში კონცერტს გამართავს.
სპეციალურად კონკურსის დახურვისთვის გერმანიიდან თბილისში ინგოლშტატის მუსიკალური სკოლის დირექტორი, გიორგი ისაკაძე ჩამოვიდა, რომელიც კონკურსის ერთ-ერთ გამარჯვებულს ვიოლინოს გადასცემს.