ეგვიპტემ სირიიდან ელჩი გამოიწვია. აღნიშნული გადაწყვეტილება ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრმა მუჰამედ ამრმა სირიაში ეგვიპტის ელჩ შუქრი ისმაელთან შეხვედრის შემდეგ გაახმოვანა. ამრის თქმით, ისმაელი კაიროში "შემდეგი ცნობების მიღებამდე" დარჩება.
"ეგვიპტეს სურს სირიაში იხილოს მშვიდობიანი ცვლილებები. სირიის ხელისუფლებამ ადეკვატური რეაგირება უნდა მოახდინოს ხალხის მისწრაფებებზე და მოთხოვნებზე. ეს აუცილებელია რათა რეგიონში მშვიდი სიტუაცია დამკვიდრდეს", - განაცხადა მუჰამედ ამრმა.
შეგახსენებთ, რომ სირიაში არეულობამ მთელი ქვეყანა მოიცვა. მშვიდობიანი დემონსტრაციები, რომელიც მიმართული იყო პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მმართველობის წინააღმდეგ სამოქალაქო ომში გადაიზარდა. ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების ინფორმაციით, არეულობებს 6000-მდე ადამიანი ემსხვერპლა.