კორსიკის ფესტივალზე წარდგენილ ქართველი რეჟისორის ფილმს სვანეთში აჩვენებენ. ამასთან დაკავშირებით "ჯი-ეიჩ-ენს" ფილმის რეჟისორმა, მარი გულბიანმა განუცხადა.
"ვგეგმავთ სვანეთში იმ პერსონაჟებს ვაჩვენოთ ვინც ამ ფილმში იღებს მონაწილეობას. ვინაიდან მესტიაში ჯერ კინოთეატრი არ არის, ჩვენ თბილისიდან წავიღებთ აპარატურას და იქ დახურულ ჩვენებას გავმართავთ. საქართველოში არსებული კლიმატური პირობების გამო ჩვენება გაზაფხულზე მოეწყობა, როცა სვანეთში შესაძლებელი გახდება ჩასვლა და ფილმის ჩვენება", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" გულბიანმა.
კორსიკის დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე ქართველი რეჟისორის მიერ სვანეთზე გადაღებულ ფილმი 16 ნოემბერს იყო წარდგენილი. კინორეჟისორის ფილმი "ღრუბლების ზემოთ" სიკვდილ-სიცოცხლის თემაზეა. რეჟისორი "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აღნიშნავს, რომ მის შემოქმედებაში ბევრი რამ ბაბუამ და სვანეთის სიყვარულმა განაპირობა.
"ჩემი წინაპრები სვანეთიდან იყვნენ და ფილმი იქ გადავიღე. მინდოდა მეჩვენებინა ადგილის მიმართ დამოკიდებულება, როგორც იქ მცხოვრებლების, ასევე ყაბარდოელი და უკრაინელი ქალების. ჩემი სოფელი მიწამ ჩაიტანა და აღარ არსებობს. ბაბუაჩემი ხშირად მეუბნებოდა "სიცოცხლე იმ ადგილზე დადის, საიდანაც ჩვენ მოვდივართ და სიკვდილი იმ ადგილზე დარდია, საიდანაც ჩვენ წავალთო". აი, ამ გზას გავყევი, რომელმაც განსაკუთრებული ზეგავლინა მოახდინა ჩემზე", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში გულბიანმა.
ფილმი ფრანგული კინოსახლის კოპროდუქციაა. მონტაჟი საქართველოში დაიწყო და შემდეგ საფრანგეთში დასრულდა.
"ღრუბლების ზემოთ" წელს ბათუმის კინოფესტივალზე იყო წარდგენილი. 2010 წელს კი - თბილისის კინოფესტივალზე.
გულბიანის "მე სახლში ვარ, შენ გზაში" 2009 წელს კანის კინოფესტივალზე მომავალი ფილმის საუკეთესო სცენარად აღიარეს.