25 თებერვალს, 18:00 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში გამოფენა-საღამო "შემოდიოდა სიკვდილი ცელით!" გაიმართება.
გამოფენა მცირე დარბაზის ფოიეში შედგება და მიეძღვნება რუსთაველის თეატრში მოღვაწე იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებიც ბოლშევიკური რეპრესიების მსხვერპლი გახდნენ: ალექსანდრე ახმეტელი რეჟისორი-დახვრიტეს 1937წლის 29ივნის; ვანიკო აბაშიძე მსახიობი- დახვრიტეს 1937წლის 21 ოქტომბერს; პლატონ კორისელი მსახიობი- დახვრიტეს 1937 წლის 29 ივნისს; ია ქანთარია მსახიობი- დახვრიტეს1937 წლის 29 ივნისს; ივანე ლაღიძე მსახიობი- დახვრიტეს 1937 წლის 29 ივნისს; ხოლო 1937 წელს გადაასახლეს: ნინა ღვინიაშვილი სუფლიორი, ბუჯუჯა შავიშვილი მსახიობი და თამარ წულუკიძე მსახიობი.
საღამოს დაასრულებს მურმან ჯინორიას მონო-სპექტაკლი "ქარი მწყურია მე პირდაპირი". ინსცენირება, რეჟისურა, მხატვრობა და მუსიკალური გაფორმება მურმან ჯინორიას ეკუთვნის.
სპექტაკლი ოთხი პირობითი ნაწილისგან წელიწადის დროთაგან შედგება და ყველა მათგანში შესულია ქართული ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშები. ყოველი სეზონი ასოცირდება სხვადასხვა ხასიათისა და სტილის ავტორების შემოქმედებასთან გაზაფხული-ტერენტი გრანელი, ზაფხული- გურამ რჩეულიშვილი, შემოდგომა მისთვის რჩეული სიჭრელით აერთიანებს ტატო ბარათაშვილს, ილია ჭავჭავაძეს, ტიციან ტაბიძეს, ლადო ასათაინს, მუხრან მაჭავარიანს, მურმან ლებანიძეს, შოთა ნიშნიანიძეს, მორის ფოცხიშვილს და ჯანსუღ ჩარკვიანის შემოქმედებას, ზამთარი კი მსახიობისთვის გალაკტიონ ტაბიძესთან ასოცირდება.