ბერლინის 62-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი ჯილდოს, „ოქროს დათვის" მფლობელი გახდა მსოფლიოში აღიარებული რეჟისორების ძმების, პაოლო და ვიტორიო ტავიანების ფილმი - "კეისარი უნდა მოკვდეს!".
ფილმის სიუჟეტი ასეთია: ციხეში, რელურ პატიმრებთან ერთად ერთ-ერთი რეჟისორი შექსპირის "იულიუს კეისარს" დგამს და ჩვენს თვალწინ სხვადასხვა დანაშაულებებისათვის მსჯავრდებულები გადაიქცევიან კეისრად, ბრუტოსად თუ მარსელუსად. ძალიან ხშირად პრინციპი - თეატრი კინოში ხელოვნურად გამოიყურება, თუმცა დიდმა რეჟისორებმა მოახერხეს და არაპროფესიონალი პატიმრებისაგან მსახიობური ნამუშევრები შექმნეს, რაც საოცარ შთაბეჭდილებას ტოვებს. განსაკუთრებით ძველი რომის პირობითად გათამაშებული სცენები საპატიმროში. ფილმი იმთავითვე ითვლებოდა კინოფესტივალის ფავორიტად.
ვერცხლის დათვი საუკეთესო რეჟისურისთვის კრისტიან პეცოლდს ერგო ფილმისთვის "ბარბარა".
მამაკაცისა და ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლებად ჟიურიმ მიკაელ ბო ფოლსგარდი (მეფის საქმე) და რეიჩელ მვანზა (ამბოხებულები) დაასახელა.
ჟიურის დიდი პრიზი გადაეცა უნგრელ რეჟისორს, ბენცე ფლიეგაუფს, ფილმისთვის „მხოლოდ ქარი".