ლატვიაში რუსული ენის სტატუსის შესახებ რეფერენდუმი მიმდინარეობს. ლატვიის მაცხოვრებლებმა პასუხი უნდა გასცენ კითხვას - უნდა ჰქონდეს თუ არა რუსულ ენას მეორე სახელმწიფო ენის სტატუსი. თავის დროზე ქვეყანაში ამ საკითხის წინ წამოწევამ მწვავე რეაქცია გამოიწვია და ეს საკითხი უკვე რამდენიმე წელია ლატვიაში ერთ ერთ ყველაზე მძიმე საკითხად მიიჩნეოდა.
საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნა. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ბოლო დღემდე ამ თემასთან მიმართებაში მწვავე დისკუსიები მიმდინარეობდა. ამასთან ერთად ქვეყანაში ძალიან მცირეა იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებმაც წინასწარ არ იცინ თუ რა შედეგით დასრულდება რეფერენდუმი. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, იმისათვის რათა კონსტიტუციაში ცვლილებები შევიდეს მომხრეთა ხმების რაოდენობა 770 ათასი ადამიანი უნდა იყოს. ლატვიაში კი სადაც 2 მილიონზე ცოტა უფრო მეტი ადამიანი ცხოვრობს, რომელთაგანაც 60 % ლატვიელია, ალბათ რუსულ ენას ბევრი დამცველი ვერ გამოუჩნდება.