უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ "Amnesty International"-მა იმის შესახებ, რომ სამთავრობო ძალების ხელში ჩავარდნილ ოპოზიციონერებს სასტიკად აწამებენ ახალი დამადასტურებელი ფაქტები აღმოაჩინა.
ორგანიზაციის თანამშრომელის ნეილ სემმონდსის განცხადებით, ერთ-ერთ პატიმარს ხელის ნაწილი აუფეთქეს მას შემდეგ რაც მან უარი განაცხადა პრეზიდენტ ბაშარ ასადის ფოტოსურათზე ელოცა. ამას გარდა, პატიმრებს ასევე აყურებინებენ თუ როგორ აუპატიურებენ მათ გვერდით მყოფ პატიმრებს.
ორგანიზაცია ასევე აცხადებს, რომ სასტიკ წამებას ასევე თან სდევს გამუდმებული ცემა.
შეგახსნებთ, რომ სირიის სამთავრობო არმიამ გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციის მიუხედავად სირიის ქალაქ ჰომსის კიდევ უფრო მწვავე საარტილერიო დაბომბვა განაახლა.
ოპოზიციის წარმომადგენლების ერთ-ერთი ჯგუფი კი აცხადებს, რომ ახლანდელი დაბომბვა ყველაზე მძიმეა სირიის სამთავრობო ჯარების მიერ ბოლო 13 დღის განმავლობაში ქალაქზე განხორციელებულ შეტევათაგან. ქალაქ ჰომსის დაბომბვა არ წყდება. ისინი იყენებენ ნაღმმტყორცნებსა და რაკეტებს, რომლებიც მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელ სახლებს ეცემა.
გუშინ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ კენჭი უყარა რეზოლუციას სირიის საკითხზე, რომელშიც ბაშარ ასადის მთავრობას მოუწოდებს შეწყვიტოს ძალადობა.
რეზოლუციას მხარი დაუჭირა გაეროს წევრმა 137-მა ქვეყანამ, წინააღმდეგ ხმა მისცა 12-მა, თავი შეიკავა 17-მა. გაეროს უშიშროების საბჭოს ორმა მუდმივა წევრმა, რუსეთმა და ჩინეთმა კვლავინდებურად უმრავლესობისგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირეს. ორივე ქვეყანამ რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა.
გაეროში რუსეთის წარმომადგენელმა ვიტალი ჩურკინმა აღნიშნა, რომ რეზოლუცია ბაშარ ასადის ხელისუფლების იზოლაციას ემსახურება და ქვეყანაში ვითარებას უფრო დაძაბავს.