პოლიტიკური პარტია ,,განახლებული საქართველოსთვის" ,,გრუზია-ონლაინზე" გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით განცხადებას აბრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
16 თებერვალს ,,გრუზია-ონლაინის" საიტზე გავრცელდა ინფორმაცია სათაურით ,,განახლებული საქართველოსთვის" გვთავაზობს დაუბრუნდეთ ღატაკ პოლიციასა და არმიას?" ("Обновленная Грузия" предлагает вернуться к нищей полиции и армии?).
როგორც ჩანს ხელისუფლებას და მათ ქომაგებს წინასაარჩევნოდ ძალზედ მწარედ მოხვდა პოლიტიკური პარტია „განახლებული საქართველოსთვის" ლიდერის ნანა გულუას მიერ გაჟღერებული ფრაზა, რომ თუ ხელისუფლება შეამცირებს სამხედრო, პოლიციურ ან ძვირადღირებული შოუპროგრამების მრავალმილიონიან ხარჯებს, სავსებით შესაძლებელია დღევანდელი პენსია იყოს არა 80-100 ლარი, არამედ გაიზარდოს 700-800 ლარამდე. ჩვენი ოპონენტები თურმე იმით განერვიულდნენ, რომ თუ პენსია იქნება 700 ლარი, მაშინ სახელმწიფოს 900 000 პენსიონერის ანაზღაურება ყოველთვიურად დაუჯდება 630 მილიონი ლარი, ხოლო წლიურად 7.56 მილიარდი ლარი, რაც თითქმის მთელი საქართველოს ბიუჯეტის ტოლია, (მათი მონაცემებით დღევანდელი ბიუჯეტი შეადგენს 7.94მილიარდ ლარს). „გრუზია-ონლაინში" დაბეჭდილი მასალის ავტორი გაღიზიანებული ტონით წერს: ,, მაშინ რა ქნას საქართველოს დანარჩენმა მოსახლეობამ, საკუთარი თითები წოვოს და ბედნიერად გაიღიმოს"? ამის შემდეგ კი იმავე სტატიის ავტორი ასკვნის, რომ „განახლებული საქართველოსთვის" მხრიდან სახეზე გვაქვს „პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხების აბსოლუტური უცოდინარობა პოპულიზმის თანხლებით".
რა შეიძლება ითქვას ამასთან დაკავშირებით? ალბათ ის, რომ სწორედაც ხელისუფლების არაგონივრულმა მართვამ გააღარიბა, გააღატაკა და დაუძლურების პირას მიიყვანა საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, მათ შორის ის 900 000 პენსიონერი, რომელსაც იგი სამადლოდ 80-100 ლარს ურიგებს თვეში და რამდენი წელია ამყოფებს 5-10 ლარის მომატების მოლოდინში. რა თქმა უნდა ამ ყოვლადგაუმართლებელი სოციალური პოლიტიკითა და სახელმწიფო ბიუჯეტით დღევანდელი მთავრობა ნამდვილად ვერ გასცემს 700-800 ლარიან პენსიას, რადგან მას ამის სურვილი არა აქვს და არც პოლიტიკური ნება და საშუალება გააჩნია. ხელისუფლების პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში „ვარდების რევოლუციის" შემდეგ სავსებით შესაძლებელი იყო ბიუჯეტი არა 7. 94 მილიარდი ლარი, არამედ 2-3 ჯერ უფრო მეტი ყოფილიყო, თუკი ხელისუფლება ფართოდ აამოქმედებდა დასაქმების, სოფლის მეურნეობის განვითარების, ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამებს, თუკი იგი რეალურად საშუალებას მისცემდა რამდენიმე ათას ქართველ ბიზნესმენს, რომლებიც საქართველოს ფარგლებს გარეთ მოღვაწეობს, დაბრუნებულიყო თავის ქვეყანაში და განეხორციელებინა ფართომასშტაბიანი ინვესტიციები. მაგრამ რეალობა სხვაგვარია, რადგან დღეს საქართველოში ბიზნესის წინააღმდეგ ხორციელდება სახელმწიფო წნეხი და ტერორი, უმუშევრობა კლავს ქვეყანას და საპროცესო გარიგებებით ხელისუფლება კიდევ უფრო აღარიბებს ჩვენს მოსახლეობას. სად მიდის ეკონომიკური და სხვა ხასიათის სასჯელდადებული მოქალაქეებიდან ბიუჯეტში შესული მილიონები? რატომ გარბიან სოფლებიდან ადამიანები - შიმშილისა და სიღარიბისაგან თავის დასახსნელად? რატომ ნადგურდება სოფლის მეურნეობა? ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ფართომასშტაბიანი დასაქმების პროგრამებით, ბიზნესის განვითარებით, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობით, სწორედაც რომ შესაძლებელია ჩვენმა ბიუჯეტმა მიაღწიოს 3 ჯერ უფრო მეტს ვიდრე ის დღეს შეადგენს. საინტერესოა, რატომ არ კითხულობს ჩვენი ხელისუფლება თუ როგორ ახერხებენ ევროპის განვითარებული ქვეყნები, რომელთა რიგში საქართველოს პრეზიდენტი ხშირად იხსენიებს ჩვენს ქვეყანას, რომ ნორმალური მმართველობის პირობებში დანიას (მოსახლეობა 5.5 მილიონია) მაგალითად 52 მილიარდიანი (USD) ბიუჯეტი აქვს, ან როგორ ახერხებს განვითარებული სოფლის მეურნეობით სახელგანთქმული ჰოლანდია, რომ ბიუჯეტი 134 მილიარდ დოლარამდე შეავსოს ?( მოსახლეობა შეადგენს 16 მილიონს).
მართალია, საქართველოს სამხედრო ხარჯები 2008 წლის ომის შემდგომ საგრძნობლად შემცირდა, მაგრამ არა პენსიონერების კეთილდღეობის გაუმჯობესების ხარჯზე. სწორედაც, რომ არაობიექტური და ტენდენციურია მთავრობის „ქომაგთა" საყვედურები, რადგან ხალხზე მზრუნველი ხელისუფლების პირობებში, კანონის უზენაესობის უზრუნველყოფის შემთხვევაში, სოფლის მეურნეობის განვითარებითა და ბიზნესის გაძლიერებით, სავსებით შესაძლებელია არამხოლოდ არსებული ბიუჯეტის მნიშვნელოვნად გაზრდა, არამედ ეტაპობრივად პენსიების საგრძნობი გაზრდა და რამდენიმე წელიწადში ევროპული სტანდარტის პენსიის გაცემა საქართველოში, რაც ჩვენს ხანდაზმულებს საშუალებას მისცემს ადამიანებად იგრძნონ თავი
მასალის გამოყენების პირობები