"ქართული დასის" ლიდერის, ფრაქცია "ერთობა სამართლიანობის" წევრ ჯონდი ბაღათურიას შეფასებით, ხელისუფლებას ქართული ეკონომიკის განვითარება მიმტანებზე აქვს აწყობილი. ამის შესახებ ბაღათურიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "პროფესიული განათლების შესახებ" კანონში ცვლილების შეტანის პროექტის მეორე მოსმენით განხილვისას განაცხადა.
ბაღათურის თქმით, ქვეყანაში პროფესიულ განათლებას სათანადო ყურადღება არ ეთმობა და პროფესიული სასწავლებლების ნახევარზე მეტი დაიხურა.
"ქართულ ბაზარზე შემოსულ უცხოურ კომპანიებს, განსაკუთრებით, თურქულებს, თავიანთი მუშახელი მოჰყვება. მოგიწოდებთ, დავეხმაროთ ჩვენი ქვეყნის მუშახელს, რომ მას პროფესიული მომზადებისა და ადგილობრივ ბაზარზე დასაქმების საშუალება მიეცეს", - განაცხადა ბაღათურიამ.
დეპუტატი დაინტერესდა საქართველოში რამდენი პროფესიული სასწავლებელი დარჩა, რომელიც სოფლის მეურნეობის მუშაკებს ამზადებს.
"სად გვაქვს სოფლის მეურნეობის პროფესიული სასწავლებლები? ოფიციანტების განვითარების კურსები გახსნა პრეზიდენტმა და დიდი ტაში დაუკრეს მას. ქვეყნის ეკონომიკის განვითარება მიმტანებზე უნდა ავაწყოთ თუ სოფლის მეურნეობაზე? გვინდა, ადგილობრივ ბაზარზე საქართველოს მოქალაქეები მუშაობდნენ და ამ დროს თქვენ თურქეთის მოქალაქეებს ასაქმებთ", _ მიმართა ხელისუფლებას ბაღათურიამ.
ბაღათურიას გამოსვლას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მთავრობას პროფესიული განათლების განვითარების სტრატეგია აქვს შემუშავებული, რომლის ფარგლებშიც ხდება პროფსასწავლებლების შენობების რეაბილიტაცია და სათანადო აღჭურვა. რაც შეეხება სოფლის მეურნეობის პროფილით მომუშავე პროფსასწავლებლებს, ქურდაძის თქმით, საქართველოში ასეთი წარმატებული სასწავლებლები მოქმედებს და ამის ერთ-ერთი მაგალითი კაჭრეთში არსებული სასწავლებელია.