"თავისუფალი დემოკრატების" წევრის, ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილის მტკიცებით, "ქართული ოცნება" ნებისმიერ ვადებში ჩატარებული არჩევნების მოსაგებად მზად არის. ამის შესახებ ჟურნალისტებს ცაგარეიშვილმა "ახალი თაობა - ახალი ინიციატივა" მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შესატანი სარჩელის შეფასებისას განუცხადა, რომელიც საპარლამენტო არჩევნების ვადის გადმოწევას ეხება.
დეპუტატის თქმით, "ახალი თაობა - ახალი ინიციატივა" პროსახელისუფლებო არასამთავრობო ორგანიზაციაა და შესაბამისად, არჩევნების მაისში ჩატარების მოთხოვნაც ხელისუფლების დაკვეთით დააყენეს.
"ჩვენს ხელისუფლებას ჰყავს საკუთარი საპარლამენტო უმცირესობა, საკუთარი მედიასაშუალებები, საკუთარი ზონდერები, ახლა როგორც ჩანს საქმეში ჩართეს საკუთარის არასამთავრობოები", - აღნიშნა ცაგარეიშვილმა და აქვე დასძინა, რომ არჩევნების მაისში გადმოტანის მცდელობა ხელისუფლების შიშებთანაა დაკავშირებული.
მისივე თქმით, ხელისუფლებამ უკვე დაინახა, რომ მათი საქმე სულ უკან მიდის და ამიტომ ჩქარობენ.
"თუმცა, მინდა დავარწმუნო ისინი, რომ "ქართული ოცნება" მზად იყო და არის არჩევნებისთვის, რადგან არსებობს კონკრეტული გეგმა. ყველაფერი წავა ამ გეგმის მიხედვით და რაც მალე ჩატარდება არჩევნები მით მალე მოხდება ამ ხელისუფლების გასტუმრება პოლიტიკურ სამარეში", - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.