საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პავლე კუბლაშვილის განცხადებით, საფუძველს ვერ ხედავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ საპარლამენტო არჩევნების ვადა არაკონსტიტუციურად ცნოს.
ამის შესახებ კუბლაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალი თაობა - ახალი ინიციატივის" მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში საპარლამენტო არჩევნების ვადის გადმოწევასთან დაკავშირებით სარჩელის შეტანის შეფასებისას აღნიშნა.
"კონსტიტუციით პირდაპირ არის განსაზღვრული, რომ არჩევნები ტარდება ოქტომბრის თვეში. ეს კონსტიტუციით განსაზღვრული იყო მანამდე, სანამ ამ მოწვევის პარლამენტს აირჩევდნენ, შესაბამისად ვერანაირი ანტისკონსტიტუციურობა ამ ნორმის ვერ დამტკიცდება, რადგან თვითონ ეს ნორმა არის კონსტიტუციური. აქედან გამომდინარე არანაირი საფუძველი მსგავს სარჩელს არ აქვს", - განმარტა კუბლაშვილმა
მისვე თქმით, იგი ვერ ვხედავ საფუძველს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ თქვას, რომ კონსტიტუციური ნორმა არის არაკონსტიტუციური.
"კონსტიტუციური ნორმა არ შეიძლება იყოს არაკონსტიტუციური და დავა ამის შესახებ აბსურდია. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები გაიმართება ოქტომბრის თვეში, ასევე 2013 წელს საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება ოქტომბრის თვეში", - აღნიშნა დეპუტატმა.
რაც შეეხება 2006 წელს კონსტიტუციაში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების თარიღად ოქტომბრის თვის განსაზღვრას, კუბლაშვილი განმარტებით, ეს იმიტომ მოხდა, რომ საარჩევნო ციკლი იყოს თანმიმდევრული, რომელიც შეიძლება რაღაც გარემოების გამო შეიცვალოს, მაგრამ მუდმივად უნდა უბრუნდებოდეს თავის საწყის წერტილს.
შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანზიაცია "ახალი თაობა ახალი ინიციატივა" საპარლამენტო არჩევნების მაისში ჩატარებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს შეიტანს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციაში როგორც საპარლამენტო ასევე საპრეზიდენტო არჩევნების თარიღად ოქტომბერი ჯერ კიდევ 2006 წელს მიღებული ცვლილებებით განისაზღვრა, რომელიც 2010 წელს მიღებულ ახალ კონსტიტუციაში უცვლელად გადმოვიდა. არჩევნების ახალი ვადები კი პარლამენტს 6 თვით, ხოლო პრეზიდენტს 10 თვით უხანგრძლივებს ვადას.