არჩევნებმა პენსიონერებს ღირსება უნდა დაუბრუნოს, - განაცხადა "განახლებული საქართველოსთვის" თავმჯდომარემ ნანა გულუამ.
მისი თქმით, თუ ხელისუფლება სამხედრო, პოლიციურ ან ძვირადღირებულ შოუპროგრამების მრავალმილიონიან ხარჯებს შეამცირებს, ხანდაზმულებს პენსია არა 80-100, არამედ 700-800 ლარი ექნებათ და ამაში გასაკვირი არაფერია. ჰ
„ჩვენი პენსიონერები, რომელთა რაოდენობა ქვეყანაში 900 000 აღწევს და რომლის თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა სოციალურად დაუცველია, ჩვეულ მდგომარეობად აღიქვამს წინასაარჩევნოდ ხელისუფლებისაგან სამადლოდ გაღებულ 5 ან 10 ლარის დანამატს.
ჩვენ უკვე ისეთ ფაზაში ვიმყოფებით, სადაც არჩევნებში მონაწილეობა მალე ფუფუნების სფეროდ მოგვეჩვენება, რადგან ხელისუფლებამ სოციალური უსამართლობისთვის, გადაგვარებისა და შიმშილობისთვის გაწირა ჩვენი მშობლები და უფროსი თაობა. თუ სხვა ქვეყნების მაგალითს მოვიყვანთ სავსებით შესაძლებელია, რომ ჩვენს ხანდაზმულ მშობლებს, ბებიებსა და ბაბუებს პენსია არა 80-100, არამედ 700-800 ლარი ჰქონდეთ. რა არის ამაში გასაკვირი ან წარმოუდგენელი თუ ხელისუფლემა სამხედრო, პოლიციურ ან ძვირადღირებულ შოუპროგრამების მრავალმილიონიან ხარჯებს შეამცირებს. ამ თანხების გაცემა სავსებით რეალურია, თუმცა პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ არ არსებობს ხელისუფლების პოლიტიკური ნება, რომელიც ადამიანზე და საზოგადოების კეთილდღეობაზე იქნება ორიენტირებული. თუმცა პრეზიდენტი სააკაშვილი ხშირად გვახსენებს, რომ საქართველო უკვე ევროპის წამყვან ქვეყანათა რიგში დგას. სად არის პენსიონერებისთვის შეთავაზებული „ლამაზი ღიმილის" პროგრამა? სად არის ის დაპირებული 150 ლარიანი პენსია, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ,,ვარდების რევოლუციის" დროს ახსენებდა? კიდევ ერთი იმედგაცრუება, კიდევ ერთი ტყუილი, რომელსაც ბოლო არ უჩანს ხანდაზმული ადამიანების მიმართ. წლევანდელმა არჩევნებმა ადამიანებს ეს ყოფა უნდა შეუცვალოს და ღირსება დაუბრუნოს", - განაცხადა ნანა გულუამ.