ირანი ურანის გამდიდრების ახალ ტექნიკურ ეტაპზე გადადის. ირანის პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჯადის განცხადებით, თეირანი მზად არის ახალი ტექნოლოგიები საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოსაც გაუზიაროს. საუბარია ურანის გამდიდრების ახალ ხერხზე, რომელიც ამ პროცესს გაცილებით ააჩქარებს. პარალელურად ცნობილი ხდება, რომ ქვეყანაში რადიოიზოტოპების საწარმოებლად კიდევ ოთხო რეაქტორი აშენდება. ირანის ოფიციალური პირების განმარტებით, ისინი სამედიცინო დანიშნულების იქნება და კიბოთი დაავადებულთა მკურნალობას ისახავს მიზნად.
"ვაცხადებ, რომ რეგულაციის ფარგლებში საერთაშორისო ატომურ სააგენტოს გავუზიარებთ ჩვენს ატომურ სიახლეებს. ირანმა თავისი ნათელი გზა იპოვა, რომელიც ქვეყნისთვის თავდადებულმა ადამიანებმა აქამდე მოიტანეს, ამიტომ ირანის ატომური პოლიტიკა მომავალშიც გაგრძელდება", - განაცხადა აჰმადინეჯადმა.