ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარის გიორგი ახვლედიანის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის საინიციატივო ჯგუფის წევრების პოლიტიკური თვალსაზრისით შეფასება შეუძლებელია.
მისი თქმით, საინიციატივო ჯგუფში პოლიტიკური სახეები არ ჩანს.
"კბილაშვილი რომ პროფესიონალი ადვოკატია, ცხადია, ასევე არასოდეს შემპარვია ეჭვი ელისო ჩაფიძის ჟურნალისტურ პროფესიონალიზმში და სხვა, მაგრამ როგორ აჩვენებენ ისინი თავს პოლიტიკური თვალსაზრისით, ჯერ არ ვიცით. პოლიტიკური გამოცდილების მქონე ერთადერთი სახე იქ თედო ჯაფარიძეა, რომელიც არცთუ სანატრელ ეპოქასთან ასოცირდება", - მიაჩნია ახვლედიანს.
მისი შეფასებით, შესაძლოა, ივანიშვილი გუნდის კოალიციური ძალების პოლიტიკური სახეებით დაკმაყოფილდა.
შეგახსენებთ, რომ ივანიშვილის პარტიის საინიციატივო ჯგუფში იქნებიან: ჟურნალისტი ელისო ჩაფიძე, საერთაშორისო საქველმოქმედო ფნოდი "ქართუს" პრეზიდენტი ირაკლი ღარიბაშვილი, ადვოკატი არჩილ კბილაშვილი, მწერალი გურამ ოდიშარია, მათემატიკოსი ივანე კიღურაძე, მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე, ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი, ზურაბ ჟვანიას ძმა და ბიზნესმენი გიორგი (გოგლა) ჟვანია, იურისტი თამაზ აბდალიანი, ადამიანის უფლებათა დამცველი მანანა კობახიძე, ექსპერტი ნოდარ ხადური, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი თედო ჯაფარიძე, ექსპერტი გიორგი ვოლსკი, ყოფილი სპორტსმენი ლერი ხაბელოვი, ნუგზარ დავითაშვილი, იურისტი ზაქარია ქუცნაშვილი და საზოგადეობრივი მოძრაობა "ქართული ოცნების" პრესსპიკერი, მაია ფანიჯიკიძე.