პროკურატურამ რადიოსადგურ "ეხო მოსკვის" მთავარი რედაქტორის გამოძახება გააუქმა. ინფორმაცია ამის შესახებ თავად ვენედიქტოვმა "ტვიტერში" განთავსებულ თავის მიკრობლოგზე დაწერა.
ვენედიქტოვი, რომელმაც რადიოსადგურის დირექტორთა საბჭოს დატოვების შესახებ განცხადება უკვე გააკეთა, ტამბოვის მცხოვრებლის საჩივრის გამო პროკურატურაში გუშინ საღამოს დაიბარეს. საჩივრის მიხედვით, მედიარესურსის დებულება რუსეთის ფედერაციის შრომის კოდექსს არ შეესაბამება.
პარტია "იაბლოკოს" აქტივისტი ალექსანდრე ფილშერი რადიოსადგურის თანამშრომლების პოლიტიკურ პარტიაში გაწევრიანების აკრძალვას არამართლზომიერად მიიჩნევს. ფილშერის თქმით, ეს თეზისი ვენედიქტოვის მიერ რამდენიმე წლის "ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების" სურვილით იყო ახსნილი.
ვენედიქტოვი გაკვირვებას გამოთქვამდა ამის გამო, ვინაიდან, მისი თქმით, აღშფოთებულ ტამბოველს დებულების ტექსტზე ხელი არ მიუწვდებოდა.
"დაბარებული ვარ პროკურატურაში ტამბოველი მოქალაქის სარჩელზე ახსნა-განმარტებების მისაცემად, რომელიც "ეხოს" დებულების შრომით კოდექსთან შეუსაბამობას ეხება! ისე არ ვირჩევთ მთავარ რედაქტორს! წავა, რა თქმა უნდა, იურისტი. ყოველს ჩემს ნაბიჯს გავაშუქებ დაწვრილებით", _ წერდა ვენედიქტოვი "ტვიტერში".
ვენედიქტოვი დარწმუნებული იყო, რომ კანონიერი ბრალდებების წაყენებას პროკურატურა მისთვის ვერ შეძლებდა.
"მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი დებულების რედაქცია რამდენიმე წლის წინ დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა, რომელშიც მაშინ, ამჟამად რუსეთის საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარე ანტონ ივანოვი შედიოდა. ასე რომ, ძალიან საეჭვოა, მას რომ შრომით კოდექსთან შეუსაბამობა ვერ შეემჩნია", _ აცხადებს ვენედიქტოვი.