საპარლამენტო უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ადამიანები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის პარტიის საინიციატივო ჯგუფში შედიან ქვეყნის განვითარებისთვის კონკრეტულ გეგმასაც კი ვერ დასახავენ.
ამის შესახებ უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით დარჩიაშვილმა ივანიშვილის პარტიის საინიციატივო ჯგუფის შეფასებისას განაცხადა.
"არამგონია ადამიანთა ეს ჯგუფი რაიმე ახლის, საგანგებოსა და ქვეყნის განვითარებისთვის რაღაც კონკრეტული გეგმების დამსახავი და მითუმეტეს შემსრულები აღმოჩნდეს. მათგან ზოგს ვიცნობ, ზოგის შესახებ საერთოდ არ გამიგია, თუმცა ჩემი გამოცდილება და დაკვირვება მაძლევს ასეთი შეფასების გაკეთების საშუალებას", - აღნიშნა დარჩიაშვილმა.
მისივე შეფასებით, ივანიშვილი არის ფიგურა გარკვეული ადამიანების თვალში და ვის დაიყენებს გვერდზე ამას მნიშვნელობა აღარ აქვს არც მისთვის და არც ივანიშვილის მზის მფიცავი ადამიანებისთვის, რომელთა რაღაც რაოდენობა საქართველოში არსებობს.
"ამ ადამიანის გამოჩენამ თავის მილიარდებითა და უცნაური გამონათქვამებით ქართული პოლიტიკური კლასის განვითარებას პრობლემა შეუქმნა. მან მიიწება ყველა და დაუკარგა ინდივიდულობა, სახე ყველას ვინც კი მის გვერდით არის", - მიაჩნია მმართველი პარტიის წევრს.
შეგახსენებთ, ივანიშვილის პარტიის საინიციატივო ჯგუფში იქნებიან: ჟურნალისტი ელისო ჩაფიძე, საერთაშორისო საქველმოქმედო ფნოდი "ქართუს" პრეზიდენტი ირაკლი ღარიბაშვილი, ადვოკატი არჩილ კბილაშვილი, მწერალი გურამ ოდიშარია, მეცნიერ-მათემატიკოსი ივანე კიღურაძე, მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე, ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი, ზურაბ ჟვანიას ძმა და ბიზნესმენი გიორგი (გოგლა) ჟვანია, იურისტი თამაზ აბდალიანი, ადამიანის უფლებათა დამცველი მანანა კობახიძე, ექსპერტი ნოდარ ხადური, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი თედო ჯაფარიძე, ექსპერტი გიორგი ვოლსკი, ყოფილი სპორტსმენი ლერი ხაბელოვი, ნუგზარ დავითაშვილი, იურისტი ზაქარია ქუცნაშვილი და საზოგადეობრივი მოძრაობა "ქართული ოცნების" პრესსპიკერი, მაია ფანიჯიკიძე.