გიორგი შავგულიძის სახელობის თეატრ "სახიობაში" მატერიალური პრობლემების გამო იძულებითი არდადეგებია გამოცხადებული. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" თეატრში განუცხადეს.
"იანვარში გამოვაცხადეთ არდადეგები, რადგან ფინანსური პრობლემები გვაქვს. თეატრის გათბობისთვის და სხვა კომუნალური გადასახადებისთვის საჭირო თანხა არ გაგვაჩნია, ამიტომაც თეატრში შესვენება გამოვაცხადეთ", - განუცხადეს "ჯი-ეიჩ-ენს" თეატრში.
თუმცა "ჯი-ეიჩ-ენის" კითხვაზე, თეატრი როდის დაიწყებს მუშაობას, მათ პასუხი არ ჰქონდათ. ხელმეორედ დარეკვის შემდეგ კი სააგენტოს "თეატრის მეგობარმა" უპასუხა, რომელიც თემასთან დაკავშირებით არანაირ ინფორმაციას ფლობდა.
გაურკვეველია, სეზონი გიორგი შავგულიძის სახელობის თეატრმა გახსნა თუ არა. როგორც "ჯი-ეი-ეიჩ-ენს" 17 ოქტომბერს თეატრის მთავარმა მენეჯერმა მაია ხუციშვილმა განუცხადა, შიდა პრობლემების გამო სეზონი ვერ გახსნეს.
"შიდა პრობლემებია, თეატრში მსახიობები არ მოვიდნენ, რეჟისორებმა ვერ მოასწრეს ახალი სპექტაკლის დადგმა და სეზონს, ალბათ, ამ თვის ბოლოს გავხსნით, ოღონდ ჯერ არ ვიცით, რა სპექტაკლით. ბევრი პრობლემაა, რომლებიც ერთმანეთთანაა კავშირში. ძირითადად, ბავშვებზე ვმუშაობთ, ამიტომ მაყურებლის ნაკლებობა ყოველთვის არის ჩვენს თეატრში. რაც ფინანსურ მხარეზედაც აისახება", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" ხუციშვილმა.
თეატრის პროგრამაში 7-8 სპექტაკლია. 2011 წლის 17 ოქტომბერს "ჯი-ეიჩ-ენს" თეატრში განუცხადეს, რომ შარშანდელ სეზონზე წინა წელთან შედარებით მაყურებლის ნაკლებობა იგრძნობოდა.
"სახიობამ" სეზონი მაისში დახურა, თუმცა ჯერ კიდევ გაურკვეველია დრო, როცა თეატრმა ახალი სეზონი გახსნა.