რადიოსადგურ "ეხო მოსკვის" მთავარი რედაქტორი ალექსეი ვენედიქტოვი რადიოსადგურის დირექტორთა საბჭოს ვადამდელი გადაყენების გეგმებსა და დამოუკიდებელი დირექტორების შეცვლას ზეწოლის მცდელობად აფასებს. ეს განცხადება მან რადიოსადგურის ეთერში გააკეთა.
"მესმის, რომ ეს პოლიტიკური ზეწოლის ელემენტია",_ აცხადებს ვენედიქტოვი. მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლებას არაერთგზის გაუკრიტიკებია "ეხო მოსკვის" ხელმძღვანელობა. ვენედიქტოვი ასევე გამოთქვამს იმედს, რომ გადაწყვეტილება რადიოსადგურის დახურვის ან ხელმძღვანელობის დათხოვნის შესახებ მიღებული არ იყო.
"მეორე მხრიდან, როდესაც პრემიერი საჯაროდ რამდენჯერმე, ხოლო არასაჯაროდ კიდევ უფრო მეტჯერ აკრიტიკებს "ეხო მოსკვის" მისი საქმიანობის სხვადასხვა ასპექტის გამო, მრავალი ჩინოვნიკი ამას როგორც ბრძანებას - "ეცი!" იგებს.
რადიოსადგურის მთავარი რედაქტორმა გაიხსენა ისიც, რომ მსგავს პრეცედენტს უკვე ჰქონდა ადგილი 2008 წლის აგვისტოში საქართველოში განვითარებული მოვლენების შემდეგ, როდესაც "ცალკეულმა ჩინოვნიკებმა გადაწყვიტეს, რომ პუტინის მიერ "ეხო მოსკივის" კრიტიკა არის ბრძანება, რომელიც რადიოს დახურვისა, მთავარი რედაქტორის გათავისუფლებისა და რედაქციის დაშლისკენ იყო მიმართული".