საქართველოს ნატოში გაწევრიანება გადაწყვეტილია ბუქარესტის სამიტიდან მოყოლებული, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერ მინისტრმა გიორგი ბარამიძემ სამხრეთ კავკასიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის განცხადების კომანტირებისას განაცხადა.
„ის, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება გადაწყვეტილი საკითხია, ეს უკვე ცნობილია ბუქარესტის სამიტიდან მოყოლებული. ნატომ ამის შესახებ, თავის სამიტებზე უკვე ოთხჯერ განაცხადა. ასე რომ ეს არის უბრალოდ მიღებული გადაწყვეტილების კიდევ ერთხელ გამეორება და კონსტანტაცია. მნიშვნელოვანია, რომ ამ გადაწყვეტილებას ყოველ ჯერზე გაესვას ხაზი. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყოველწლიურად სერიოზული პროგრესი გვაქვს ნატოში გაწევრიანების გზაზე და ის რეფორმები, რომელიც საქართველომ წარმატებით განახორციელა არის ასახული ნატოს გადაწყვეტილებებში და ნატოს კომუნიკეებში", - განაცხადა ბარამიძემ
მისი თქმით, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ნატის გენერალური მდივნის განცხადება, რომ დღეს საქართველოს ყველაზე უფრო ახლოსაა ნატოში გაწევრიანებასთან.
"ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ ნატოში გაწევრიანების გზაზე", - განაცხადა ბარამიძემ.
შეგახსენებთ, რომ სომხეთში ვიზიტად მყოფმა სამხრეთ კავკასიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენლმა ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხს გადაწყვეტილი უწოდა. "საქართველოს ნატოს წევრობა უკვე გადაწყვეტილი საკითხია", - განაცხადა აპატურაიმ. მისივე თქმით, საქართველო ისწრაფვის იმისათვის, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შეუერთდეს, იგი ნატოს სტანდარტებთან მიახლოებისათვის მნიშვნელოვან რეფორმებს ატარებს.
ხოლო რაც შეეხება სოხმეთსა და აზერბაიჯანს, აპატურაიმ აღნიშნა, რომ ამ ქვეყნებს ალიანსის წევრობის არც სურვილი გამოუთქვამთ და არც უჩვენებიათ რომ მათ ეს სურთ. "ჩვენ რა თქმა უნდა მოხარულნი ვართ ახალი წევრებისა, მაგრამ ჩვენ მათ არ ვეძებთ. ჩვენ კარგი პარტნიორული ურთიერთობა გვაქვს სომხეთსა და აზერბაიჯანთან", _ აცხადებს აპატურაი.
ნატოს გენმდივნის წარმომადგენელი ასევე აცხადებს, რომ თითოეულ კავკასიია ქვეყანასთან ალიანსს თავისი პროგრამა აქვს და ეს რეგიონი ალიანსის მიერ მთლიანი ელემენტი არ განიხილება.
აპატურაი ასევე მიიჩნევს, რომ ნატო შესაძლოა სასარგებლო იყოს სომხეთისა და აზერბაიჯანისათვის, მათ შორის რეფორმების რეალიზაციისათვის თავდაცვის სფეროში.