საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილის შეფასებით, საქართველო ევრაზიის კავშირის წევრი არასდროს გახდება, თუმცა ფრაქცია "ერთობა სამართლიანობას" შეუძლია მასში თავად გაწევრიანდეს. ამის შესახებ მინაშვილმა ბაღათურიას გამოსვლის საპასუხოდ განაცხადა, რომელმაც ბათუმში აზიზიას მეჩეთის მშენებლობის საკითხი გააპროტესტა.
"თქვენმა პარტნიორებმა, რომლის საგარეო ჯგუფის ხელმძღვანელიც თენგიზ ჯაფარიძეა რამდენიმე დღის წინ განაცხადეს, რომ საქართველო უნდა გაწევრიანდეს ევრაზიულ კავშირში. მოგეხსენებათ, რასთან მიდის ეს კავშირი და ვინ არის მისი ლიდერი. ეს არის სახელმწიფო, რომელიც ცდილობს ყველა მეზობელი დაიპყროს. თქვენ ამაზე არ საუბრობთ ბატონო ჯონდი, არც იმაზე არ საუბრობთ, რომ რუსეთის ფედერაცია საქართველოს ოკუპაციას ახორცილებს და სტრატეგიული სარაკეტო დანადგარები შეიტანა ოკუპირებულ ტერიტორიებზე", - აღნიშნა მინაშვილმა და აქვე დასძინა, რომ ბაღათურიასგან აღნიშნულ საკითხებზე მოწოდება ან გაფრთხილება საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ არასდროს მოუსმენია.
მისივე თქმით, ამის გათვალისწინებით ბაღათურია საუბრობს თურქეთზე, რომელიც პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა და რომელსაც ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს სამხედრო სისტემების განვითარებაში.
"თურქეთი არის სახელმწიფო, რომელიც ყველგან და ყოველთვის მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე ის არის ერთ-ერთი მთავარი ლობისტი ჩვენი ნატოში გაწევრიანების კუთხით. მინდა გითხრათ, რომ საქართველო ევრაზიულ კავშირში არასდროს არ შევა და თქვენ შეგიძლიათ, თქვენს გუნდთან ერთად შეხვიდეთ", - მიმართა ბაღათურიას უმრავლესობის წევრმა.