კატალონიის "ბარსელონას" 29 წლის ქომაგს, ვინმე ხოსე დავიდ ნუნიესს, რომელიც ხელობით ატრაქციონების კონსტრუქტორი გახლავთ, განსაკუთრებულად ორიგინალური ბიზნეს-იდეა ჰქონია, რომლის განხორციელებასაც უახლოესი თვეების განმავლობაში აუცილებლად აპირებს.
ხოსე დავიდი დაახლოებით ერთი წელია, რაც ახალი ატრაქციონების დიზაინსა და სტრუქტურაზე მუშაობს და იმედოვნებს, რომ სულ მალე საქმეს საბოლოო შედეგებამდე მიიყვანს. ატრაქციონების განსაკუთრებული ორიგინალობა იმაშია, რომ ყველა მათგანი საფეხბურთო კლუბ "ბარსელონასთან" იქნება დაკავშირებული და კონკრეტული ფეხბურთელის სახელი დაერქმევა.
მაგალითად, ლეო მესის სახელობის ატრაქციონი, რომელიც ხოსე დავიდ ნუნიესს უკვე დასრულებული აქვს, გამორჩეული თავისი სისწრაფით და ორიგინალურობით იქნება. ამ ატრაქციონზე მჯდომი ადამიანი ისეთ მოძრაობებს შეასრულებს, როგორიც ლეო მესის დრიბლინგის დროს სჩვევია და თუკი თავბრუდამხვევი სისწრაფის არ ეშინია, დიდ ადრენალინსაც მიიღებს. ახალგაზრდა კონსტრუქტორს მხარში კატალონიის ხელისუფლებაც უდგას და ზემოხსენებული ატრაქციონები ბარსელონას ცენტრში დაიდგმება.