დღეს, 14 თებერვალს, მამუკა ჩარკვიანი კონცერტს გამართავს.
"მინდა, 14-ში კონცერტი გავმართო, სადაც 20-მდე სიმღერას შევასრულებ. საღამოზე შედგება პრემიერაც - ახალ სიმღერას წარვადგენ. ეს იქნება ჩემი შემოქმედებითი საღამო, მაგრამ არა ისეთი მასშტაბური, როგორიც თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში მქონდა. ამჯერად მარტო მე შევასრულებ", - განაცხადა ჩარკვიანმა.
კონცერტი 14 თებერვალს რესტორან "ქართულში" იგეგმება.
მას შემდეგ რაც, 12-წლიანი პაუზის მერე მუსიკოსმა თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში სოლოკონცერტი გამართა, მომღერალი მუსიკალურ კარიერას დაუბრუნდა. წერს სიმღერებს და როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, ერთ-ერთი სიმღერა პიანისტ ირმა გიგანს მიუძღვნა. ჩარკვიანს მუსიკალური განათლება არ აქვს, თუმცა პირველი სიმღერა მე-6 კლასში დაწერა. მოგვიანებით როკჯგუფიც შექმნა. რაც შეეხება ლექსის წერას, ერთხელ სცადა და ამაზე მეორედ აღარაფერი უფიქრია. "მამამ მითხრა, ოჯახს ერთი პოეტიც ეყოფაო", - ამბობს ჩარკვიანი.