ტურისტული კომპანია mytours-ის დამფუძნებელი სიკო გეგიაძე სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას აცხადებს, რომ ტურისტული ფაქტორის გათვალისწინებით, ეგვიპტეში ტურისტების მიმართ შარიათის კანონის ამოქმედება მოსალოდნელი არ არის.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ეგვიპტე შარიათის კანონების დამკვიდრებისკენ მიდის და ქვეყნის ცნობილი პოლიტიკური და რელიგიური მოღვაწეები მსჯელობენ იმაზე, თუ როდის გავრცელდება უცხოელ ტურისტებზე ისლამის კანონები.
"სამწუხაროდ, ეს ინფორმაციაა ახლოსაა რეალობასთან. პოლიტიკური სიტუაცია ეგვიპტეში არის ძალიან რთული და იდეოლოგია პარლამენტში გასული პარტიებისა არ იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს. საუბარია ფუნდამენტალური ისლამის მოთხოვნების შეტანაზე. ეს არის დაახლოებით ირანი, ცუდი ვარიანტით. თუმცა ვინაიდან ტურიზმის ინდუსტრია ძალიან განვითარდა ეგვიპტეში, არაა მოსალოდნელი ამ თეორიის პრაქტიკაში განხორციელება.
ამ ქვეყანაში უამრავი ბიზნესინვეტორის ინტერესებია და ძალზე დიდი კაპიტალია ჩადებული, შესაბამისად, ამონაგებიც ქვეყნისთვის ძალიან დიდია. ამიტომ, ჩემი აზრით, მაინც ოპიმისტურად უნდა ვიყოთ განწყობილი", - აცხადებს სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას
ტურისტული კომპანია mytours-ის დამფუძნებელი სიკო გეგიაძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეგვიპტის პარლამენტი მსჯელობს ისლამური კანონების ტურისტებზე გავრცელების შესახებ. უმრავლესობის წევრი აზა ალ-ჯაფარი აცხადებს, რომ ტურისტებმა, რომლებიც ისლამურ ქვეყანაში დასასვენებლად ჩადიან, სპირტიანი სასმელის მიღებისგან თავი უნდა შეიკავონ.
"მათ საკუთარ სამშობლოში საკმარისი ალკოჰოლი აქვთ. ისინი ჩამოდიან, რათა ნახონ ძველი ცივილიზაცია და არა იმისთვის, რომ დალიონ", - განაცხადა პარლამენტარმა.
გავლენიანმა ისლამელმა ლიდერმა იასერ ფუხანმა გააჟღერა ინიციატივა, რომ 5-ვარსკვლავიან უალკოჰოლო სასმელებიან სასტუმროებში ქალებმა და კაცებმა ცალ-ცალკე უნდა დაისვენონ, სხვადასხვა პლაჟზე, "ყოველგვარი ცოდვისგან შორს".
უფრო რადიკალური აღმოჩნდა ეგვიპტის სუნიტების მღვდელმსახურის, იუსუფ ალ კარდავის განცხადება, რომელმაც აღნიშნა, რომ 5 წლის შემდეგ, როცა ტურისტებს კანონებს კარგად გააცნობენ, მათ წინააღმდეგ ამოქმედდება შარიათის კანონი და დასჯად ხელის მოჭრა დადგინდება.
"ყველაფერი უნდა გაკეთდეს თანმიმდევრობით: ჯერ მომზადდეს ხალხი და ვასწავლოთ მათ", - განაცხადა ალ კარდავმა.
ამ ფონზე ექსპერტებისთვის გაუგებარი ხდება, როგორ აპირებს ეგვიპტე, 2012 წელს 13 მლნ ტურისტის მიზიდვას და 11 მლრდ. დოლარის შემოსავლის მიღებას.