ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისსა და ინდოეთში ისრაელის საელჩოებთან ტერორისტული აქტების ჩატარების მცდელობის კომენტირებისას აცხადებს, რომ მათ კარგად იციან იმ ადამიანების ვინაობა, ვინც ყოველივე ამის უკან დგას.
"ჩვენ ვიცით იმ ადამიანების ვინაობა, ვინც ამ აფეთქებების უკან დგას. ისრაელის წარმომადგენლობების წინააღმდეგ მიმართული იერიშები კიდევ ერთხელ ნათლად მიუთითებს, რომ ისრაელის სახელმწიფო ყოველდღიურად უნდა ეწინააღმდეგებოდეს ტერორის საფრთხეს - როგორც დიპლომატიურად, ისე ფიზიკურად", _ აცხადებს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ავიგდორ ლიბერმანი და დასძენს: "ზუსტად ვიცით მათი ვინაობა, ვინც ეს იერიშები დაგეგმა და მათ არ მოვასვენებთ. დღეს მომხდარი მხოლოდ შეხსენებაა იმისა, რომ ისრაელის დიპლომატი იმ ბრძოლის წინა ხაზზეა, რომელიც მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს".
შეგახსნებთ, რომ საქართველოს პოლიციამ საქართველოში ისრაელის ელჩის ,იცხაკ გერბერგის პირადი მძღოლის ავტომობილის ქვეშ დამონტაჟებული ასაფეთქებეული მოწყობილობა გააუვნებელყო. ისრაელის ელჩის მძღოლმა რომან ხაჩატურიანმა ავტომობილის ქვეშ ე. წ. სკოჩით ამოკლური შავი პაკეტი შენიშნა. მას სწრაფად გამოძახა საპატრულო პოლიცია, რომელმაც, თავის მხრივ, განმნაღმველები გამოიძახა. პაკეტში აღმოჩნდა ყუმბარა, რომელიც მალევე გააუვნებელყვეს.
აღსანიშნავია, რომ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნაღმი ასევე ინდოეთის ქალაქ დელიში არსებულ ისრაელის საელჩოსთან აფეთქდა. დელიში მომხდარი აფეთქების დროს ორი ადამიანი დაშავდა. დელიში ნაღმი ისრაელის საელჩოს ავტომობილის ახლოს აფეთქდა და ავტომობილს ცეცხლი წაეკიდა.