საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებით, თურქეთის მიერ სავიზო რეჟიმზე კანონში შეტანილი ცვლილებები საქართველოზეც გავრცელდა.
"ის საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც განხორციელდა თურქეთის მხრიდან ძალაშია და ეს გავრცელდა საქართველოზეც იმდენ რამდენადაც დაკონკრეტებული არ იქნა სხვადასხვა ქვეყნების ჩამონათვალი. ამ რეგულაციამ მრავალი ქვეყანა მოიცვა. სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ თურქეთთან განსაკუთრებულად მჭიდრო ურთიერთობები გვაქვს როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური ამ ფონზე ძალიან მნიშვნელოვანი ორმხრივი შეთანბხმება გაფორმდა, რომელიც სავიზო რეგულაციას გულისხმობს. ჩვენ მივიჩნევთ, რომ სამართლებრივ უზუსტობას აქვს ადგილი. ჩვენი პოზიცია არის, რომ არსებული ცვლილება წინააღმდეგობაშია ორმხრივ საერთაშორისო შეთანხმებასთან და შესაბამისობაში მოსაყვანია", - განაცხადა კალანდაძემ.
მისი ინფორმაციით, სწორედ ამ მიმართულებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები საქართველოსა და თურქეთს შორის.
"სამწუხაროდ, უწყებათაშორისი მოლაპარაკებები ხშირად ისე სწრაფად არ იღებს ხოლმე შედეგს, როგორც ჩვენ სურვილი გვაქვს. მიუხედავად ამისა როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად არის ჩართული ყველა დონეზე", - აღნიშნა კალანდაძემ.
თურქეთის პარლამენტის მიერ სავიზო რეჟიმზე კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თურქეთის ტერიტორიაზე სამი თვით ყოფნის უფლება აქვთ, ხოლო ვადის ამოწურვის შემდეგ მათ ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა სამთვიანი პერიოდის გასვლის შემდეგ შეეძლებათ. კანონი 2012 წლის 1 თებერვლიდან ამოქმედდა.