თბილისის დიდ საკონცერტო დარბზაში კვარტეტმა "ალილომ", "თეატრალურის კვარტეტმა" და ანსამბლმა "შვიდკაცამ" კონცერტი გამართა. საღამოზე სულ 30 სიმღერა შესრულდა. ანსამბლებმა კი ერთობლივად 3 სიმღერა შეასრულეს.
"მოენატრა ხალხს ქართული, ჭეშმარიტი სიმღერა. ვიტყვი, რომ ჭეშმარიტი სიმღერის ზეიმი იყო, სადაც ცოცხალი შესრულება იყო და ძალიან დავიხარჯეთ. დიდ სცენაზე პირველად შევასრულეთ სიმღერა "მათქმევინე", რომელსაც ადრე გურამ თამაზაშვილი ასრულებდა", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" კვარტეტი "ალილოს" ხელმღვანელმა, ლაშა ღლონტმა.
საღამოზე ანსამბლებმა სხვადასხვა კომპოზიტორის სიმღერა შეასრულეს. როიალთან ერთმანეთს ენაცვლებოდნენ რუსუდან სებისკვერაძე და მარიკა კვალიაშვილი.
"არაჩვეულებრივი საღამო შედგა, რასაც მოელოდა მსმენელი. ყველა აღტაცებული და გახარებული წავიდა კონცერტიდან. სცენაზე თითოეული ახალგაზრდამ და ანსამბლებმა ისე იმღერეს, როგორც ქართველს ეკადრება. ისინი საქართველოში გაზრდილები არიან და იციან რასაც აკეთებენ. დახვეწილი პროგრამით და დიდებული შესრულებით მათ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ არიან არაჩვეულებრივი შემსრულებლები", - განაცხადა კომპოზიტორმა მარიკა კვალიაშვილმა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" თეატრალურის კვარტეტის წევრმა, ლაშა კერვალიძემ განუცხადა, ანსამბლების გაერთიანება ფილარმონიის ხელმძღვანელების ინიციატივით მოხდა.
"ფილარმონიიდან დაგვირეკეს და შემოგვთავაზეს, ანსამბლების გაერთიანებული კონცერტი მოგვეწყო. საღამოზე დატვირთული პროგრამით წარვდექით. ბოლოს, ყველა ერთად ვიმღერეთ "მრავალჟამიერი", რამაც დარბაზში დიდი ოვაცია გამოიწვია", - განაცხადა კერვალიძემ.