მოსალოდნელია, რომ ცხინვალში სიტუაცია უფრო გამწვავდეს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელმა გოგი ხუციშვილმა განუცხადა.
"მოსალოდნელია, რომ სიტუაცია კიდევ გამწვავდეს. ცხინვალში რეპრესიული პერიოდი დაიწყო. დევნიან ჯიოევას მომხრეებს. მასაც ფიზიკური დაზიანებები აქვს. ცხინვალში ძალიან ცუდი და დამთრგუნველი სიტუაციაა. თუმცა, არა მგონია, რომ ამ პროცესებმა არჩევნების ჩატარებაზე იმოქმედოს. როგორც ჩანს, 25 მარტს ჩატარდება მაინც არჩევნები", - განაცხადა ხუციშვილმა.
ხუციშვილი ჯიოევას მომხრეების შტაბზე სპეცოპერაციის მიტანას მოსკოვს უკავშირებს.
"ასეთი სასტიკი ქმედება, რაც მისმა შტაბმა განიცადა, არის გამოწვევა, რომელსაც მოსკოვი უკეთებს ცხინვალის საზოგადოებას და აჩვენებს, რომ მოსკოვი არ მიიჩნევს ადამიანებად", - განაცხადა ხუციშვილმა.