2013 წელს NASA-ს ბიუჯეტი მნიშვნელოვნად შემცირდება. ამერიკის კოსმოსური სააგენტო იმავდროულად ევროპულ ExoMars-საც შეაჩერებს.
ScienceInsider-ის ინფორმაციით, NASA-ს დირექტორის ყოფილმა მოადგილემ, ედ ველერმა, განაცხადა, რომ სხვადასხვა პროგრამისთვის ბიუჯეტი 1 მლრდ. 500 მლნ დოლარიდან 1 მლრდ. 200 მლნ დოლარამდე შემცირდება. ხოლო 2017 წლისთვის ბიუჯეტი 1 მლრდ. დოლარს არ გადააჭარბებს. ანალოგიური რიცხვები დაუსახელა Washington Post-ს NASA-ს ყოფილმა თანამშრომელმა ლუის ფრიდმანმა.
უნდა აღინიშნოს, რომ ოფიციალური ინფორმაცია ბიუჯეტის შემცირების შესახებ NASA-დან არ გაჟღერებულა.თუმცა ცოტა ხნის წინ სააგენტომ განაცხადა, რომ ბიუჯეტის შემცირების საკითხს განიხილავდა.
საინფორმაციო საშუალებებით კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ NASA ამცირებს მარსზე გაფრენისა და კვლევების ჩატარების ბიუჯეტს და მცირდება ან საერთოდ ჩერდება ExoMars-ის პროგრამა. თუმცა იმავდროულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ პროგრამების განხორციელებაში აშშ-ს რუსეთი ჩაანაცვლებს.