იტალიური გამოცემა "Il Fatto Quotidiano"-ს ჟურნალისტები ამტკიცებენ, რომ რომის პაპის, ბენედიქტე XVI -ის წინააღმდეგ, მისი "ფიზიკური განადგურებისთვის" შეთქმულება მზადდება. მათი მტკიცებით, გამოცემის ხელთ ოფიციალური დოკუმენტი აღმოჩნდა, რომელიც ვატიკანის კანცელარიაშია რეგისტრირებული და რომელშიც კოლუმბიელი კარდინალი კასტრილიოს ხოიოსი საფრთხის შესახებ გაფრთხილებას იძლევა.
აღნიშული გამოცემა პირველ გვერდზე სენსაციური სათაურით გამოვიდა: რომის პაპი ერთი წლის შემდეგ მოკვდება". კარდინალის წერილში, რომელიც რომის პაპის მშობლიურ გერმანულ ენაზე იყო დაწერილი, ნათქვამი იყო, რომ ჩინეთში მოგზაურობისას, გასული წლის ნოემბერში, კარდინალ პაოლო რომეომ პალერმოს არქიეპისკოპოსმა გაიგონა საუბარი, რომელიც "კომპეტენტურ პირებს" შორის იყო გამართული და რომლის დროსაც ისინი საუბრობდნენ, რომ პაპი 12 თვის შემდეგ მოკვდება. ვატიკანის პრესსამსახურმა უკვე უწოდა ამ ინფორმაციას "აბსურდი". "ეს სრული უაზრობაა, რომლის სერიოზულად აღქმა შეუძლებელია", _ განაცხადა პრესსამსახურის უფროსმა პადრე ფედერიკო ლომბარდმა.
თუმცა მიუხედავად ამისა, ამ ინფორმაციას უკვე აქტიურად განიხილავენ მედიასაშუალებები. სიუჟეტებში, რომლებიც ამ იტალიური გაზეთის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციისადმია მიძღვნილი, ნათქვამია, რომ მაიას წინასწარმეტყველებაში, რომელიც 2012 წლის 21 დეკემბერს მთავრდება, არის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახლანდელი 265-ე რომის პაპი იქნება ბოლო, რომლის წასვლის შემდეგაც დასასრული დადგება.
ამავდრიულად, ბენედიქტე XVI , რომელსაც წელს 85 წელი შეუსრულდა, შორეული მოგზაურობისთვის ემზადება, რომლის დროსაც მექსიკისა და კუბის მონახულებას გეგმავს.