დღეს, 12 იანვარს, პრეზიდენტობის კანდიდატმა, მიხეილ სააკაშვილმა საარჩევნო შტაბში პრესკონფერენცია გამართა და ობიექტურობისთვის ჟურნალისტებს მადლობა გადაუხადა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, მომავალ მთავრობას კვლავ ვლადიმერ გურგენიძე უხელმძღვანელებს, თუმცა სააკაშვილის თქმით, თავად მინისტრთა კაბინეტში, ისევე, როგორც საკანონმდებლო ორგანოში მმართველი გუნდი საკადრო ცვლილებებს განიცდის.
"ჩვენს მთავრობას არ ექნება არც ერთი უქმე დღე და არ იქნება არც ერთი წუთი დასაკარგავი. უახლოეს დღეებში ერთად უნდა დავსხდეთ ნინო ბურჯანაძესთან და საზოგადოების ფართო ჯგუფებთან ერთად და გავიაროთ კონსულტაციები იმისათვის, რომ შევქმნათ ახალი მთავრობის მაქსიმალურად კომპეტენტური და პროფესიონალური გუნდი, მოხდეს მთავრობის გადახალისება ყველა დონეზე", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, დაიწყება 50-დღიანი ათვლა და ამ დროის განმავლობაში შეიქმნება კონკრეტული მექანიზმები საარჩევნო პროგრამის განსახორციელებლად.
"ვაპირებთ დავიწყოთ 50-დღიანი ათვლა, ჩვენ 50 დღის განმავლობაში ჩამოვაყალიბებთ და შევქმნით იაფი კრედიტის მექანიზმს, სამუშაო ადგილების შესაქმნელად და სიღარიბის დასაძლევად. ეს არ ყოფილა წინასაარჩევნო დაპირება. ჩვენ 50 დღის თავზე უნდა დავდოთ შექმნილი მექანიზმი, რისთვისაც ჩვენ საკანონმდებლო ცვლილება გვჭირდება. ამის შესახებ მე შევხვდი საპარლამენტო უმრავლესობას და წინასწარ გავაფრთხილე, რომ ჩვენ გვჭირდება საკანონმდებლო ცვლილებები იმისათვის, რომ ავამუშავოთ იაფი კრედიტის პროგრამა, სხვადასხვა საწარმოების შექმნის ხელშეწყობის პროგრამა, ჩვენ გვინდა 50 დღე იმისათვის, რომ მთავრობამ წარმოადგინოს საკანონმდებლო და საბიუჯეტო ცვლილებები იმისათვის, რომ გაწეროს ზუსტი გრაფიკი პენსიის 100 დოლარამდე აწევის უახლოესი თვეების განმავლობაში და ჩვენ გვჭირდება ასევე დაუყოვნებლივ მივხედოთ ქართულ სოფელს", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.