მოსკოვი სირიაში იარაღის მიწოდების ვალდებულებას საერთაშორისო ნორმების დაურღვევლად ახორციელებს. განცხადება ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა გააკეთა.
"რაც შეეხება პრინციპულად იარაღის მიწოდება-არმიწოდების საკითხს, ჩვენ ჩვენს გარიგებებს სირიასთან და სხვა სახელმწიფოებთან საერთაშორისო შეთანხმებათა ფარგლებში ვახორციელებთ, ისე, რომ საერთაშორისო ნორმებსა და ვალდებულებებს არ ვარღვევთ. როგორც მოგეხსენებთ, სირია არ იმყოფება საერთაშორისო სანქცირებული რეჟიმის ქვეშ", _ განაცხადა მან მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე.
ამასთან ერთად, ლუკაშევიჩმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კანადამ რუსეთში საპროტესტო ნოტა გააგზავნა რუსული მხარის მიერ სირიისათვის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით.
თავად მოსკოვში მდებარე კანადის საელჩომ კი ამ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.