მამუკა ჩარკვიანმა სიმღერა პიანისტს, ირმა გიგანს მიუძღვნა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" მომღერალმა განუცხადა.
"ორი ახალი სიმღერა დავწერე, რომლიდან ერთ-ერთიც პიანისტს, ჩემს საყვარელ ნათესავს, ირმა გიგანს მივუძღვენი. ორივე სიმღერა მზად არის. ისინი სიყვარულზე და სევდაზეა. მინდა მალე ჩავწერო, ველოდები სპონსორებს", - განაცხადა ჩარკვიანმა.
მუსიკოსი ახალი სიმღერებზე რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა და მუშაობა სამი თვის წინ დაასრულა.
მას შემდეგ რაც, 12-წლიანი პაუზის მერე ჩარკვიანმა თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში სოლოკონცერტი გამართა, მომღერალი მუსიკალურ კარიერას დაუბრუნდა.
ჩარკვიანს მუსიკალური განათლება არ აქვს, თუმცა პირველი სიმღერა მე-6 კლასში დაწერა. უფრო მოგვიანებით როკჯგუფიც შექმნა. რაც შეეხება ლექსის წერას, ერთხელ სცადა და ამაზე მეორედ აღარაფერი უფიქრია. "მამამ მითხრა, ოჯახს ერთი პოეტიც ეყოფაო", - ამბობს ჩარკვიანი.