თამაზ ჭილაძემ პირველი ლექსი 15 წლის ასაკში დაწერა, როგორც "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აღნიშნავს, მისი ყველაზე დიდი კრიტიკოსი ძმა, ოთარ ჭილაძე იყო. ლიტერატურული მოღვაწეობა როგორც პოეტმა, ისე დაიწყო, თუმცა მისი შემოქმედებიდან ცნობილია მოთხრობები და რომანები: "შუადღე", "აჰა,მიიწურა ზამთარი", "წერო", "ვინ ცხოვრობს ვარსკვლავებზე?", "კაქტუსის ბაღი" და ა.შ..
- თუ გახსოვთ, პირველი ლექსი როდის დაწერეთ?
- არ არსებობს ადამიანი, რომელსაც სიცოცხლეში ერთი ლექსი არ დაეწეროს. ჩემი პირველი ლექსი ძალიან ადრე დავწერე და საშინელება იყო. გვიან მივხვდი როგორ უნდა დამეწერა ლექსი, მანამდე ვწერდი საშინლად, მაგრამ გამიმართლა, რომ უნივერსიტეტში იყო "ახალგაზრდა მწერლების წრე", მთელი თაობა იქიდან გამოვიდა. მერე გადავინაცვლეთ ჟურნალ "ცისკარში", რომელმაც ძალიან დიდი როლი შეასრულა ჩამოყალიბებაში.
- ცნობილია, რომ ყველაზე დიდი კრიტიკოსი თქვენი ძმა, ოთარ ჭილაძე იყო. გაიხსენეთ, თქვენი "შემოქმედებითი პაექრობა".
- დიახ, პირველ ყოველთვის, ოთარს ვაკითხებდი და ისიც ასევე იყო. ერთმანეთის დაუნდობელი კრიტიკოსები ვიყავით. კიდევ კარგი, რომ ასე ვიყავით. ვიცოდი, ამის უკან არაფერი იმალებოდა - მხოლოდ კეთილი სურვილი, რომ უკეთ დაგვეწერა. თუ ვინმე მოისმენდა ჩვენს კამათს, ეგონებოდათ, რომ მტრები ლაპარაკობდნენ, არადა, საუბრობდა ორი ძმა, რომელთაც მართლა აინტერესებდათ, რომ ნაწერი კარგი ყოფილიყო. თვითონაც არაჩვეულებრივი თვისება ჰქონდა, როგორც ნამდვილ მწერალს შეეფერება: მოსმენის, კრიტიკის მიღების. მე რომ რომანებს ვწერ, იმხელა ნაკვეთები ამოუღია თავისი რომანიდან. უზარმაზარ ნაკვეთებს თავისუფლად ამოიღებდა, იმიტომ რომ სჯეროდა, მართალი ვიყავი. ჩვენ, შეიძლება, ასე თუ ისე კარგი მწერლები ვართ, მაგრამ ოთარი მოვლენაა. დანიელებმა ტყუილად კი არ დაწერეს, "საქართველო დააბრუნა ევროპის რუკაზეო". ნობელის პრემიის ნომინანტი იყო, ორ წელიწადს რომ დასცლოდა მიიღებდა, რაც მთელი საქართველოსთვის დიდი ამბავი იქნებოდა.
- უცხოურ პრესაშიც კი წერდნენ, რომ ლეგენდარული იყო თქვენი ძმობა. მოგვიყევით თქვენს ურთიერთობაზე. რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში ოთარ ჭილაძის გარდაცვალების შემდეგ?
- ასეც იყო, საოცარი ურთიერთობა გვქონდა. ორი წლით უფროსი ვიყავი, მაგრამ ტყუპებივით ვიზრდებოდით. ბოლომდე ერთად ვიცხოვრეთ. მეუღლე რომ გარდაეცვალა, ჩვენთან გადმოვიდა. ეს ურთიერთობა ძმობაზე მეტი იყო - იმდენად სხვა, რომ ჩემთვის ტანჯვაა და ვერ მივდივარ მთაწმინდაზე, ვერ ვუყურებ ლოდს, სადაც ოთარ ჭილაძე აწერია. ცუდად ვხდები. სიმართლე გითხრათ, ალბათ, ჩემი არსება ვერ შეეჩვევა იმ აზრს, რომ ის აღარ არის, იმიტომ, რომ ჩემთვის ოთარი განაგრძობს ყოფნას. ესაა, რომ ფიზიკურად ვერ ვხვდები. ზოგჯერ, იმის ხმა მესმის, ოთახში დადის, რაღაცას ლაპარაკობს.
- როგორია თამაზ ჭილაძისეული სიყვარული?
- ღვთაებრივი სიგიჟეა სიყვარული, რაღაც ურევია ამაში ღვთაებრივიც და სიგიჟეც. მაგრამ ზუსტად რა არის სიყვარული, ეს დღემდე არავინ იცის, ყოველ შემთხვევაში, მე შემიძლია ვთქვა, რომ სიყვარული ბედნიერებაა. თუ ვინმე გიყვარს, მაშინ გრძნობ, რომ ადამიანი ხარ, შენი თავის ცნობა ადამიანად, მემგონი, სიყვარულით ხდება. ქალი გაგრძნობინებს ცხოვრებას. ტყუილად კი არ არის არაბულ ენაზე -"ევა" ნიშნავს "ცხოვრებას". ღმერთმა ადამს მისცა ცხოვრება. სიყვარული არის ის გრძნობა, რომელიც წონასწორობას გვინარჩუნებს ამ პლანეტაზე, რითითაც მოჭიდებული ვართ ამ ქვეყანაზე, როცა გიყვარს, დიდი იმედი და დიდი ძალაა. ზოგჯერ ხომ მტანჯველია, მაგრამ ეს ტანჯვაც ბედნიერებაა.
- რა ადგილი უჭირავს თქვენს ცხოვრებაში მუსიკას და თუ უსმენთ ხოლმე მუშაობის პროცესში რამეს?
- მუსიკა ჩემთვის აუცილებელია. როცა ვუსმენ, მარტო არ ვარ. არის რამდენიმე ისეთი კომპოზიტორი, რომელთა მოსმენისას გრძნობ რომ მარტო არ ხარ. ყველაზე მეტად მიყვარს მოცარტი, მისი საფორტეპიანო კონცერტი. მეორე ნაწილში, თითქოს ღმერთი ეხება კლავიშს. ჩემი ცხოვრების განუყრელი ნაწილია კლასიკური მუსიკა. კლასიკური მუსიკა სულის სკოლაა. ფაქტობრივად, ეს ღმერთთან საუბარია.
- თქვენი რამდენიმე პიესა თეატრში დაიდგა, მათ შორის, ბოლოს, რობერტ სტურუას რეჟისურით "ნადირობის სეზონი". რა შეგრძნებაა, როცა თქვენი შემოქმედება სცენაზე ცოცხლდება?
- თეატრი უცნაურია. სცენაზე რომ ცოცხლდება, შენი აღარაა. ეს უკვე თეატრს ეკუთვნის. სტურუა დიდი რეჟისორია, დიდი დანაშაულია მისი საქართველოდან გაშვება, როდესაც ასეთი კრიზისია კულტურის, როგორ შეიძლება რუსთაველის თეატრს ხელი ახლო. სტურუა პიესას არასდროს შორდება, მასზე დაყრდნობით მუშაობს და პიესას თეატრის ენაზე თარგმნის. "ნადირობის სეზონი" უკვე მე-4 სპექტაკლი იყო, რომელიც სტურუამ ჩემი სცენარით დადგა. ძალიან დიდი განცდაა პარტერიდან ამის ნახვა.
- თუ ესწრებით ახალგაზრდა პოეტების და მწერლების შემოქმედებით საღამოებს? როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა მათი რაოდენობის ზრდა?
- ჩემდა სამწუხაროდ, არ არის ასე. არადა, უნდა ვკითხულობდე და ვესწრებოდე კიდეც.
საერთოდ, საქართველოში ძალიან ცოტა მწერალი და პოეტია. ასეც უნდა იყოს, ნამდვილ პოეტს ვგულისხმობ, თორემ არც ერთ ქვეყანაში პოეტობის და მწერლობის იმდენი მსურველი არ არის, რამდენიც დღეს საქართველოში. ეს საოცრებაა, სწორედ მაშინ, როდესაც თითქოს წიგნი აღარ ფასობს, თითქოს მკითხველმა ინტერესიც კი დაკარგა, თითქოს მწერლობისადმი ღირსება დაიკარგა, მწერლობის ამდენი მსურველი ცოტა უცნაურია. ასე რატომ ხდება, არ ვიცი.
- პრობლემას რაში ხედავთ დღეს საქართველოში?
- თუ რუსები ძალით გვარუსებდნენ, ჩვენ ნებით ვამერიკელდებით, მით უმეტეს, როდესაც ერთ-ერთი უძველესი ენა გვაქვს. პირდაპირ რომ ვთქვათ, "ქაჯობაა", ინგლისურად რომ მღერიან. მთავარია, შენს კულტურას და ენას როგორ წარმოადგენ, რას მატებ კაცობრიობის საგანძურს. ხალხს ერად კულტურა გადააქცევს. ახალგაზრდების მოვალეობაა, კბილებით დაიცვან კულტურა. დაუშვებელია, ბავშვებს პირველ კლასში კომპიუტერს რომ სჩუქნიან. აჩუქო ბავშვს პირველ კლასში კომპიუტერი - ნიშნავს წაართვა მას ბავშვობა. კომპიუტერი შემოქმედებას კლავს. მინდა ახალგაზრდობას ახსოვდეს, რომ არის მრავალსაუკუნოვანი წარსულის მქონე შვილი და ამით ამაყობდეს.
P.S. ერთადერთი საქმე მაქვს - წერა, მეტი ვერაფერს ვაკეთებ, ლურსმანს ვერ მივაჭედებ. არ ვიცი არაფერი. წერა არის ჩემი თავშესაფარი. არ ვიცი, რამდენად სჭირდება ვინმეს, მაგრამ ეს ჩემთვის აუცილებელია.
"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა ია კიკაძე,