გასულ ღამეს კიევზე მოსკოვის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად კიდევ ორი ადამიანის დაღუპვის შესახებ გახდა ცნობილი, რითაც დაღუპულთა საერთო რაოდენობა მინიმუმ 21-მდე გაიზარდა.
უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურმა განახლებული ინფორმაცია Telegram-ზე გაავრცელა.
ცნობილია, რომ დაღუპულთა შორის 4 არასრულწლოვანია, მათ შორის 2 წლის ბავშვი.
თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 50-ს აჭარბებს.
რუსეთის იერიშის შედეგად კიევში დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, კერძო სახლები და საბავშვო ბაღები. დაზიანდა ასევე კიევში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ბრიტანეთის საბჭოს ოფისის შენობა.
კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ტიმურ ტკაჩენკოს თქმით, კიევზე ღამის თავდასხმის დროს გამოყენებული იქნა რამდენიმე სახის იარაღი: „შაჰედები“, ბალისტიკური რაკეტები, ფრთოსანი რაკეტები და „კინდჟალი“. დარტყმები დაფიქსირდა 20-ზე მეტ ადგილას დარნიცკის, დნეპროვსკის, სოლომიანსკის, შევჩენკოვსკის, ჰოლოსიევსკის, ობოლონსკის და დესნიანსკის რაიონებში.
კიევის დაბომბვას გამოეხმაურნენ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის მთავარი დიპლომატი კაია კალასი, რომლებმაც მკაცრად დაგმეს რუსეთის თავდასხმები.