"ერისიონი" თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში 24 თებერვალს კონცერტს არ გამართავს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ანსამბლის ხელმძღვანელმა, ჯემალ ჭკუასელმა განუცხადა.
"დაგეგმილი იყო, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში 24-ში გაგვემართა კონცერტი, თუმცა ვერ ვახერხებთ. ორგანიზაციულად ვერ ვასწრებთ, ვიკერავთ ახალ კოსტიუმებს და ვდგამთ ახალ ცეკვებს", - აღნიშნა ჭკუასელმა.
თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში კონცერტები პროექტ "თბილისური საღამოების" ფარგლებში ეწყობა.
"ეს სასიამოვნო და თან საშიში პროექტია. ასე ხშირად მასშტაბური კონცერტების გამართვამ, შესაძლოა, მაყურებელს ჩვენი თავი მოაბეზროს. არის ასევე მეორე საკითხი, ხალხს არა აქვს იმდენი ფინანსები, რომ ასე ხშირად იაროს კონცერტებზე", - განაცხადა ჭკუასელმა.
"ერისიონი" 1885 წელს შეიქმნა. სახელი "ერისიონი" (რაც სულხან-საბას განმარტებით, ცის იერს, მთის წვერს ზევით ნიშნავს) 1999 წელს დაერქვა. მანამდე შემოქმედებით კოლექტივს ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი ერქვა.