ვახტანგ კიკაბიძე ფინანსური პრობლემების გამო ფილმს ვერ იღებს. როგორც მან "ჯი-ეიჩ-ენთან" განაცხადა სცენარი უკვე მზად აქვს, თუმცა ფილმზე მუშაობას ვერ ახერხებს.
ფილმის სახელწოდებით "დიაგნოზი ქართველები" ბუბა კიკაბიძემ სცენარი სხვადასხვა მოთხრობისგან შეადგინა, რომელიც თბილისურ ისტორიებს და ტრადიციებს ასახავს.
"ფილმის გადაღება ასე ადვილი, რომ იყოს ყველა გადაიღებდა. რამდენიმე ადამიანს შევხვდი, თუმცა ჯერჯერობით მიმდინარეობს მოლაპარაკებები.სცენარი უკვე მზად მაქვს. ის თანამედროვე, დღევანდელ დღეს ასახავს. სხვადასხვა პერიოდში დაწერილი 5 პატარა მოთხრობისგან შედგება, რომელიც თბილისურ ამბებზე და ცხოვრებისეულ ისტორიებზეა. ფილმში ასევე, მინდა გადმოვცე ის რაც იკარგება - სიკეთე და ტრადიციები. თუმცა, ამ ყველაფერს ვერ ვახერხებ, ჯერჯერობით ფინანსების არ ქონის გამო მიწევს ეს სცენარი შევინახო", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" კიკაბიძემ
შეგახსენებთ, რომ ვახტანგ კიკაბიძის სცენარით და რეჟისურით არის გადაღებული 1985 წელს "მამაკაცები და სხვები" და 1981 წელს "იცოცხლე გენაცვალე".