რამაზ ჩხიკვაძეს "აზდაკის" ძეგლს დაუდგამენ. სკულპტურაზე მუშაობა რუსეთში მოღვაწე ქართველმა მოქანდაკე ზურაბ წერეთელმა უკვე დაიწყო. სავარაუდოდ, ახალი სახელი ექნება ალექსანდროვის ბაღსაც და ის რამაზ ჩხიკვაძის სახელობის გახდება. მოლაპარაკებები თბილისის მერიასთან და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ამ დრომდე მიმდინარეობს.
"როგორც მისი სპექტაკლი გახდა თბილისისთვის ორგანული, როგორც რამაზ ჩხიკვაძე იყო ჩვენი საზოგადოების ნაწილი მემგონი, ეს ძეგლიც და ბაღის ნაწილიც გახდება ორგანული. სიტყვიერი თანხმობა არის ქალაქის მერისგან, ასევე ზურაბისგან და ახლა, ტექნიკური საკითების მოგვარება მიმდინარეობს", - განაცხადა რამაზ ჩხიკვაძის შვილმა, საშა ჩხიკვაძემ.
რამაზ ჩხიკვაძის დაბადების დღესთან დაკავშირებით, 28 თებერვალს რუსთაველის თეატრში ღონისძიება ეწყობა, სადაც მსახიობის აქამდე უცნობი ნახატები გამოიფინება. 28 თებერვალს, რამაზ ჩხიკვაძის მემორიალური დაფაც გაიხსნება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ოჯახის ახლობელმა, მაკა საჯაიამ განუცხადა.
რამაზ და ნატაშა ჩხიკვაძის შვილიშვილი მოდის ჩვენებას მათ ხსოვნას უძღვნის. როგორც ნატალია ჩხიკვაძემ "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, ჩვენებას რუსთაველის თეატრში, რამაზ ჩხიკვაძის საღამოზე მოაწყობს.
"კოლექციის შექმნა ბებიაჩემთან ერთად დავიწყე. ერთ-ერთი კაბა მან თავად დამიხატა, რაღაც დეტალები კი შევცვალე, მაგრამ ძალიან ვნერვიულობ. სამწუხაროდ, ის ვეღარ დაესწრება ამ ჩვენებას, არადა, ყველაზე დიდი კრიტიკოსი ბებია იყო. ჩვენების პირველ ნაწილში გაზაფხული-ზაფხულის კოლექციას წარვადგენ. მეორე ნაწილში კი ბაბუას ნახატებისა და როლების ჩვენებას მოვაწყობ, რომელსაც მაისურსა და პერანგზე გადავიყვან", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" ნატალია ჩხიკვაძემ.
რამაზ ჩხიკვაძეს ნათამაშები აქვს: ლეანდრო (ჯ.ფლეჩერის "ესპანელი მღვდელი"), ვეფხია გაბიდაური (კ.ბუაჩიძის "ამბავი სიყვარულისა"), ქოსა მრჩეველი (გ.ნახუცრიშვილის "ჭინჭრაქა"), მაქჰითი (ბ. ბრეხტის "სამგროშიანი ოპერა"), ფადინარი (ე.ლაბიშის "ჩალის ქუიდ"), აკოფა (ა.ცაგარელის "ხანუმა"), კირილე მიმინოშვილი (დ.კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი"), შოშია (ნ.დუმბაძის "საბრალდებო დასკვნა") და სხვა. ახალი ეტაპია ჩხიკვაძის შემოქმედებაში რეჟისორ რობერტ სტურუას დადგმებში მონაწილეობა (ყვარყვარე, პ. კაკაბაძის "ყვარყვარე"; აზდაკი, ბ.ბრეხტის "კავკასიური ცარცის წრე"; შექსპირის "რიჩარდ მესამე", ლ.ფოფხაძისა და ა.ვარსიმაშვილის "ვარიაციები თანამედროვე თემაზე" და სხვა).
გადაღებული იყო კინოფილმებში: "ლონდრე", "ჩირიკი და ჩიკიტელა", ნატვრის ხე", "ნერგები" (ლუკა, 1974, მოსკოვის VIII საერთაშორისო კინოფესტივალზე მიენიჭა პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის), "ჭრიჭინა", "ვედრება", "ვერის უბნის მელოდები" და სხვა.
მსახიობი რამაზ ჩხიკვაძე 83 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.