დღეს, 6 თებერვალს, ქართველი პოეტის, ბესიკის გარდაცვალებიდან 221 წელი შესრულდა. ბესიკი, ბესარიონ ზაქრიას ძე გაბაშვილი, 1791 წლის 6 თებერვალს ქ. იასში, რუმინეთში გარდაიცვალა.
ქართველი პოეტი და პოლიტიკური მოღვაწე, თეიმურაზ II-ის კარის მოძღვრის, ზაქარია გაბაშვილის ვაჟი ბესიკი 1750 წელს თბილისში დაიბადა. ქართლ-კახეთის სამეფო კარზე კარგი განათლება მიიღო. ბესიკის პოეტურ ქმნილებებში ჩანს როგორც აღმოსავლური, ისე დასავლური ლიტერატურის ცოდნა.
ბესიკის პოეტური მემკვიდრეობა მრავალფეროვანია. მას ეკუთვნის რამდენიმე პოემა, სახოტბო ოდები, სხვადასხვა ტიპის გასართობი ლექსები (ანბანთქებანი, აკროსტიქები და სხვ.). აღსანიშნავია რომანტიკული განწყობილებით აღბეჭდილი ლირიკული ლექსების ციკლი: "სევდის ბაღს შეველ", "მე მივხვდი მაგას შენსა ბრალებსა", "ტანო ტატანო", "მე შენზე ფიქრმა მიმარინდა" და სხვა. ამ ლექსებს აერთიანებს თემატიკური რკალი, საერთო ლირიკული გმირი. ბესიკის პოეტური კონცეფცია უპირისპირდება "აღორძინების ხანის" სხვა პოეტებს, რომელთა ლექსებში სიყვარულის გრძნობა მისტიკურ საბურველშია გახვეული (საგანი სიყვარულისა უპირატესად არის ღმერთი). ბესიკი ამქვეყნიურ, ადამიანურ გრძნობებს უმღერის და მის ლექსებში უშუალო, გრძნობად-კონკრეტული მიმართებანი ჭარბობს.