რუსეთი უკრაინაში მდებარე ამერიკულ საწარმოებს მიზანმიმართულად უტევს. ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა რიჩარდ ბლუმენტალმა (დემოკრატიული პარტია) განაცხადა.
„ინტერფაქს-უკრაინის“ ცნობით, ამის შესახებ სენატორმა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„პუტინი ამერიკულ საწარმოებს ბომბავს. შეცდომა არ დაუშვათ - ის უკრაინაში არსებულ ამერიკულ აქტივებს მიზანმიმართულად და განზრახ ესხმის თავს. უკრაინაში არსებული საწარმოების ნახევარზე მეტი თავდასხმებისა და დაბომბვის ქვეშ მოექცა. ამერიკელები ამ ფაქტით აღშფოთებულნი უნდა იყვნენ“, - განაცხადა სენატორმა.
მისი თქმით, აშშ-ის კონგრესი უკრაინას მხარს უჭერს და „რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, უკრაინას ამერიკელი ხალხიც უჭერს მხარს“.
ბლუმენტალმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა „რეალურად აღწევს წარმატებას გამარჯვების გზაზე“ და რომ ის აშშ-ში დაბრუნდება მოთხოვნების სიით, რომელშიც შევა შორ მანძილზე მოქმედი იარაღი, არტილერია, HIMARS-ები, ATACMS-ები და F-16-ები.
„და მე ამის მხარდაჭერისთვის ვიბრძოლებ“, - თქვა სენატორმა.