გოგი ლევაშოვ-თუმანიშვილი ფილმის გადაღებისთვის უცხოელ მსახიობებს ელოდება. ამასთან დაკავშირებით "ჯი-ეიჩ-ენს" რეჟისორმა განუცხადა.
"ველოდებით უცხოელ მსახიობებს. ისინი იაპონიდან, ინგლისიდან, პოლონეთიდან და იტალიიდან ჩამოდიან. ფილმის გადაღებისთვის პიტერ ოტული, ტონინო გუერა, დევიდ როუზი და სხვა ცნობილი მსახიობები ჩამოვლენ. ქართველი მოყვარულ მსახიობებთან ერთად კახი კავსაძე, ნუგზარ ანდღულაძე და შოთა ჩაკვეტაძე მიიღებენ მონაწილეობას. მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა მსახიობებთან, რამდენიმე ვიცით ვინც ჩამოვა ერთ-ერთი დევიდ როუზი იქნება", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" რეჟისორმა.
გოგი ლევაშოვ-თუმანიშვილი ახალ ფილმს შვილის ხსოვნას უძღვნის. ამასთან დაკავშირებით "ჯი-ეიჩ-ენს" ფილმის მხატვარმა მედეა ბაქრაძემ განუცხადა.
"ძალიან ტრაგიკული ამბავი მოხდა, სულ ახლახან მას 16 წლის ბიჭი დაეღუპა. თუმცა, გოგი მაინც განაგრძობს ფილმის გადაღებას, რომელსაც შვილის ხსოვნას უძღვნის. გადაღებებს გაზაფხულზე მოვრჩებით, რის შემდეგაც უკვე ფილმის მონტაჟი დაიწყება. დაახლოებით ზაფხულში, პირველი საპრემიერო ჩვენება საქართველოში მოეწყობა", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" მედეა ბაქრაძემ.
გოგი ლევაშოვ-თუმანიშვილის სრულმეტრაჟიანი ფილმი "მთვარეულნი" მოხუცების შესახებ მოგვითხრობს. ფილმში პროფესიონალ მსახიობებთან ერთად ჩვეულებრივი მოქალაქეებიც მონაწილეობენ. მათ შორის ყველაზე უხუცესი 99 წლის პერსონაჟია. თავდაპირველად ფილმის სახელი "სიბრძნე სიბერისა" უნდა ყოფილიყო, თუმცა რეჟისორს სათაურის შეცვლა უხუცესმა მსახიობებმა ურჩიეს.
ფილმის სცენარი თავად გოგი ლევაშოვ-თუმანიშვილს ეკუთვნის, ასევე თანასცენარისტი აკა მორჩილაძეც გახლავთ. ფილმის გადაღებები ლაგოდეხში და თბილისშია დაგეგმილი.
ცნობისთვის, უკანასკნელად მხატვრული ფილმი რეჟისორმა 18 წლის წინ გადაიღო. მას შემდეგ გოგი ლევაშოვ-თუმანიშვილი საცხოვრებლად ლონდონში წავიდა. ამჯერად, ის საქართველოში ფილმს დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერით იღებს.