ირანმა ორმუზის სრუტეში მორიგი სამხედრო სწავლება დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ "ასოშიეიტედ პრესი" ავრცელებს. ირანული მედიის ინფორმაციით, ირანის სამხედრო საჰაერო ფლოტის გემები სწავლებას ერთი თვის განმავლობაში გააგრძელებენ.
შეგახსნებთ, რომ გასული წლის დეკემბრის ბოლოს ირანის სამხედრო-საზღვაო ძალებმა იმავე ორმუზის სრუტეში უკვე ჩაატარეს სწავლევბა სახელწოდებით "ველაიატ-90" და ეს სწავლება შორეული რადიუსის რაკეტების გამოცდით დაასრულეს.
სპარსეთის ყურეში მდგომარეობის დაძაბვა მას შემდეგ მოხდა, რაც ირანის ხელისუფლებამ დასავლეთის ქვეყნების მიერ ისლამური რესპუბლიკიდან მომავალ ნავთობზე სანქციების დადების შემთხვევაში ორმუზის სრუტის შესაძლო გადაკეტვის შესახებ განცხადება გააკეთა.
ამჟამად სპარსეთის ყურეში ორი ამერიკული ავიამზიდი იმყოფება. მოსალოდნელია, რომ მარტში სპარსეთის ყურეში კიდევ ერთი ამერიკული ავიამზიდი შევა.