ლიბიის ყოფილი ლიდერის, მუამარ კადაფის საქორწინო ბეჭედი და მისი სისხლიანი პერანგი, რომელიც სიკვდილის დროს ეცვა, 2011 წლის ოქტომბერში არაბულ ინტერნეტპორტალზე გასაყიდადაა გამოტანილი. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი "ABC" არაბულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ლიბიელმა აჰმედ ვარფალმა გააკეთა განცხადება ვერცხლის ბეჭდისა და სისხლიანი პერანგის გაყიდვის შესახებ 2 მილიონ აშშ დოლარად. ბეჭდის ფოტოები 2 თებერვალს გაჩნდა არაბულ ინტერნეტპორტალ "ArabsToday.net"-ზე. ბეჭედზე ამოტვიფრულია ლიბიის ლიდერის ქორწინების თარიღი ბოლო ცოლთან, სოფიასთან - 2010 წლის 10 სექტემბერი.
ლონდონში გამომავალი არაბულ გაზეთ "Alquds Alarabi"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ვარფალი აცხადებს, რომ კარგ ფულს გააკეთებდა, ევროპაში კადაფის ნივთები რომ გაეყიდა.
ინფორმაციის გავრცელებამ იმის შესახებ, რომ კადაფის ნივთები იყიდება, ლიბიის მცხოვრებლებს შორის ცხარე კამათი გამოიწვია. მრავალი ლიბიელის აზრით, ბეჭედიც, ისევე როგორც მუამარ კადაფის მთელი ქონება, ლიბიელ ხალხს ეკუთვნის და ამიტომაც ლიბიელი ხალხის თანხმობის გარეშე მისი გაყიდვა შეუძლებელია.
შეგახსნებთ, რომ შეიარაღებული ამბოხება ლიბიაში 2011 წლის თებერვალში დაიწყო და ამავე წლის ოქტომბერში დასრულდა. ამბოხებულებსა და მუამარ კადაფის მომხრეთა შორის მომხდარი შეტაკების შედეგად დაღუპულია ათასობით ადამიანი. ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი კი, რომელიც ქვეყანას 42 წლის განმავლობაში მართავდა, 2011 წლის 20 ოქტომბერს მშობლიურ ქალაქ სირტში მოკლეს. დაჭრილი კადაფი თავდაპირველად ამბოხებულებმა ჩაიგდეს ხელში და სამი საათის განმავლობაში აწამეს, შემდეგ კი დახვრიტეს. ამის შემდეგ მუამარ კადაფის ნაწამები სხეული ქალაქ მისრატაში სახალხოდ გამოიტანეს, შემდეგ კი ყველასთვის უცნობ ადგილზე, უდაბნოში დაკრძალეს.