ისრაელი უკვე ახლა მზადაა ირანს დარტყმა მიაყენოს, იმ შემთხვევაში თუ აღმოჩნდება, რომ ირანის წინააღმდეგ შემოღებული საქნციები არ მუშაობს. ეს განცხადება ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ეჰუდ ბარაკმა გააკეთა.
"იმ შემთხვევაში თუ ირანის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები მის ბირთვულ პროგრამას ვერ შეაჩერებს აუცილებელი იქნება სამხედრო ზომების მიღების განხილვა", _ აცხადებს მინისტრი. მისივე თქმით, ამჟამად მრავალ ქვეყანას შორის არსებობს კონსესუსი იმასთან დაკავშირებით, რომ თუ დიპლომატია და სანქციები ვერ შეძლებენ ირანის შეჩერებას, საჭირო იქნება მის მიმართ დარტყმის განხორციელება.
აღსანიშნავია, რომ დღეს აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა ლეონ პანეტტამ გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობს სერიოზული საფრთხე იმისა, რომ ისრაელმა ირანის ბირთვულ ობიექტზე დარტყმა მიმდინარე წლის გაზაფხულზე მიიტანოს. მისივე თქმით, დარტყმა შესაძლოა განხორციელდეს აპრილში, მაისში ან ივნისში, ანუ მანამ ვიდრე ირანი ე.წ. იმუნიტეტის ზონას გადალახავს და ატომური ბომბის დამზადებას შეუდგება.
გარდა ამისა, ისრაელის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა გუშინ გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ირანს ოთხი ატომური ბომბის დამზადებისათვის საკმარისი გამდიდრებული ურანი უკვე აქვს.